როდის შეუძლია ლივერპულს ჩემპიონობის განაღდება?

ლივერპული პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში შესანიშნავად ასპარეზობს და, თუ რამე სასწაული არ მოხდება, ჩემპიონი გახდება. ამჟამად, არნე სლოტის შეგირდები უახლოეს მდევარ არსენალს 12 ქულით უსწრებენ.
ჩემპიონობის გარკვევის საკითხი მაისამდე მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიწელება, თუ, მერსისაიდელთა მსგავსად, მოგებებს "მეთოფეებიც" გააგრძელებენ. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ლივერპულის ქვემოთ მყოფ 5 გუნდს ბოლო პერიოდში არცისე კარგი სტატისტიკა აქვს, ჩემპიონობისთვის, სავარაუდოდ, 86 ქულაც საკმარისი იქნება - შესაბამისად, "წითლებს" ტიტულის აღმართვამდე მხოლოდ 16 ქულა აშორებთ.
თუ არსენალი მომდევნო 3 მატჩს წააგებს, ლივერპულს ტურნირის მოსაგებად მხოლოდ 7 ქულა დასჭირდება - ეს ნიშნავს, რომ არნე სლოტის გუნდს ჩემპიონობა 13 აპრილს შეუძლია: ამისთვის, "მეთოფეებმა" ფულემთან, ევერტონთან და ბრენტფორდთან უნდა წააგონ, ლივერპულმა კი ევერტონი და ფულემი უნდა დაამარცხოს - ამის შემდეგ, მერსისაიდელებს 13 აპრილს, ვესტ ჰემთან დაპირისპირებაში ფრედ ეყოფათ, რომ პრემიერ ლიგა მოიგონ.
ისიც უნდა ითქვას, რომ ეს სცენარი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ქულები ნოტინგემ ფორესტმა, მანჩესტერ სიტიმ და ჩელსიმაც უნდა დაკარგონ და არსენალს ვერ დაეწიონ, მაგრამ, თეორიული შანსი არსებობს, რომ ლივერპული 2 კვირაზე ნაკლებ დროში ჩემპიონი გახდეს.