როგორ ამოვიდნენ და რამდენად გაძლიერდნენ სერია ა-ს ახალწვეულები?
ტოპ 5 ლიგიდან მორიგი ჩემპიონატის, სერია ა-ს ახალი სეზონი სტარტს 17 აგვისტოს აიღებს.
იტალიის ჩემპიონატში, კვლავინდებურად, 20 გუნდი იასპარეზებს. გასულ სეზონში იტალიის უმაღლეს ლიგაში პარმა, კომო და ვენეცია დაწინაურდნენ, ფროზინონე, სასუოლო და სალერნიტანა კი - გავარდნენ.
პარმა
პარმა 2023/24 წლების სეზონში სერია ბ-ს ჩემპიონი გახდა და სერია ა-ს საგზური 3-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა. გუნდმა დაწინაურება 2024 წლის 1 მაისს გაინაღდა. 2024/25 წლების სეზონი პარმასთვის სერია ა-ში 27-ე იქნება.
ახალი სეზონის წინ "ემილიანელებმა" ზიონ სუზუკი (€7.50 მილიონი) და ემანუელე ვალერი (უფასოდ) დაიმატეს. ასევე, სარეზერვო გუნდიდან 19 წლის მატეუშ კოვალსკი დააწინაურეს და პლუს, ბევრი განათხოვრებული ფეხბურთელი დაუბრუნდათ.
პრესეზონზე გუნდმა 5 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 3 მოიგო და 2 წააგო. სეზონის პირველი ოფიციალური შეხვედრა, რომელიც ფაბიო პეკიას შეგირდებმა კოპა იტალიაზე პალერმოს წინააღმდეგ გამართეს, 0-1 დათმეს.
სერია ა-ში პარმა სეზონის პირველ მატჩს 17 აგვისტოს, ფიორენტინას წინააღმდეგ გამართავს.
კომო
2024 წლის 10 მაისს, მეორე გუნდი, რომელიც სერია ა-ში აღზევდა, კომო იყო, რომელიც უმაღლეს ლიგაში 21 წლის შემდეგ დაბრუნდა. მათ 2023/24 წლების სეზონში სერია ბ-ში მე-2 ადგილი დაიკავეს.
გუნდის მთავარი მწვრთნელი ლეგენდარული სესკ ფაბრეგასია, რომელსაც დიდი გეგმები აქვს. კომომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ისეთი ვარსკვლავი დაიმატა, როგორიც რაფაელ ვარანია (თავისუფალი აგენტის სტატუსით). გარდა ამისა, კლუბში იანიკ ენგელჰარდტი (€8 მლნ), ემილ აუდერო (€6 მლნ), ანდრეა ბელოტი (€4.50 მლნ), ალბერტო მორენო (უფასოდ), პერე რეინა (უფასოდ) და კიდევ არაერთი ფეხბურთელი მივიდა.
კომო 1907-მა წინასასეზონო მზადებისას 6 მატჩი გამართა, საიდანაც 3 მოიგო, 2 წააგო და 1 ფრედ დაასრულა. სეზონის პირველ ოფიციალურ შეხვედრაში, კოპა იტალიაზე, ფაბრეგასის გუნდი სამპდორიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა.
"ლურჯ-თეთრები" სერია ა-ს პირველ ტურში, 19 აგვისტოს, იუვენტუსს შეხვდებიან. მათთვის ეს სეზონი იტალიის უმაღლეს ლიგაში მე-13 იქნება.
ვენეცია
მესამე კლუბი, რომელიც იტალიის ჩემპიონატში დაწინაურდა, ვენეცია იყო. ვენეციელებმა 2023/24 წლების სეზონში სერია ბ-ში მესამე ადგილი მოიპოვეს და სერია ა-ში ფლეიოფში პალერმოსა (ნახვარფინალში) და კრემონეზეს (ფინალში) დამარცხებით ავიდნენ. გუნდი უმაღლეს დივიზიონში 2-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.
ახალი სეზონისთვის "ფრთიანმა ლომებმა" გაეტანო ორისტანიო (€4 მლნ), რიკი საგრადო (€2 მლნ), ჯორჯო ალტარე (1 მლნ) და ისა დუმბია (€1 მლნ) იყიდეს, ალფრენ დანკანი და ნოა ბოდუენი კი უფასოდ დაიმატეს. ამასთან, კლუბმა იჯარით ანტიონიო რაიმონდო და ლორენცო ლუჩეზი აიყვანა და ბევრი განათხოვრებული ფეხბურთელიც დაუბრუნდა.
ეუსებიო დი ფრანჩესკოს შეგირდებმა პრესეზონზე 4 მატჩი მოიგეს, 1 წააგეს და 1 ფრედ ითამაშეს. ისინი კოპა იტალიაზე ბრეშას შეხვდნენ და 1-3 დამარცხდნენ.
18 აგვისტოს, სერია ა-ს პირველ ტურში, "ნარინჯისფერ-შავ-მწვანეები" ლაციოს დაუპირისპირდებიან. ეს სეზონი მათთვის იტალიის უმაღლეს ლიგაში მე-12 იქნება.