ავტორიზაცია

სანიოლი: "გულშემატკივრებს ჯგუფის მოგება სურთ, თუმცა, ჩემთვის მთავარი სხვა რამეა"

სანიოლი: "გულშემატკივრებს ჯგუფის მოგება სურთ, თუმცა, ჩემთვის მთავარი სხვა რამეა"
თარიღი 08 Nov 2024, 14:52
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ნოემბრის მატჩებზე ისაუბრა, სადაც საქართველო უკრაინას და ჩეხეთს დაუპირისპირდება.

"ალბანეთთან ტაქტიკური ცვლილება გარემოებიდან იყო გამოწვეული, რადგან გიორგი ქოჩორაშვილი არ გვყავდა. ვთვლი, რომ ხშირი ტაქტიკური ცვლილებები ფეხბურთელებისთვის არ არის კარგი, რადგან მათ უნდა იცოდნენ ზუსტად რა დავალება აქვთ გუნდში. ნოემბერში იმ ტაქტიკით ვითამაშებთ, რასაც ბოლო წლები აქტიურად ვიყენებთ."

"ტაქტიკური ცვლილების გადაწყვეტილება ალბანეთთან მე მივიღე, რომელმაც არ გაამართლა, თუმცა, იმ მატჩში ქულას მაინც ვიმსახურებდით. ბოლო პერიოდში დიდ წარმატებებს მივაღწიეთ და ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა სტაბილურობის შენარჩუნება იქნება. გვინდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენი ადგილი მაღალი დონის გუნდებთან არის და იმედი მაქვს, რომ ნოემბერში ამას შევძლებთ."

"საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს რა თქმა უნდა ორივე მატჩის მოგება და პირველ ადგილზე გასვლა სურთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საკმაოდ რთულ ჯგუფში ვართ. ჩემთვის მთავარია დავამტკიცოთ, რომ პორტუგალიასთან და ჩეხეთთან ნაჩვენები შედეგები არ იყო შემთხვევით და სტაბილურად შეგვიძლია მაღალ დონეზე თამაში. ბოლო ორ მატჩში შეგვეძლო უკეთესო შედეგი დაგვეფიქსირებინა, თუმცა, სწორედ ეს არის ფეხბურთი — ყოველთვის ვერ მოიგებ."

"ზოგადად გუნდში ძალიან კარგი განწყობაა და ფეხბურთელებმა ბოლომდე უნდა გააცნობიერონ ის დადებითი მოვლენები, რაც ბოლო 1 წელში მოხდა. ჩემი დავალება ფეხბურთელებისადმი არის ის, რომ მოედანზე მაქსიმალურად კონცენტრირებულები იყვნენ და ბევრი იშრომონ. ხვიჩა კვარაცხელია ყველასთვის მაგალითი უნდა იყოს, რომელსაც პირველი სეზონის შემდეგ მცირე ჩავარდნა ჰქონდა, თუმცა, არ დანებდა და შრომა გააგრძელა."

"საბა გოგლიჩიძეს აუცილებლად მივცემ შანსს ნოემბერში და ორი მატჩიდან ერთს მაინც დაიწყებს ძირითადი შემადგენლობიდან. როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელი იტალიაში სტაბილურად თამაშობს, მას შანსი აუცილებლად უნდა მიეცეს ეროვნულ ნაკრებშიც. რაც შეეხება ანზორ მექვაბიშვილს და ნიკა კვეკვესკირს — ორივემ ტრავმა მოირჩინა და ნაკრებში დაბრუნდნენ."

"საფრანგეთში ლიონი VS სენტ ეტიენის დაპირისპირება ყოველთვის გამორჩეულია და ახლა, როდესაც ორივე გუნდში ქართველები თამაშობენ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ჩვენთვის. ზურიკო დავითაშვილმა ადაპტაცია სრულად გაიარა და კარგ ფორმაშია. ასევე მოუმატა გიორგი მიქაუტაძემაც და მისი თავდაჯერებულობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია"
— ვილი სანიოლი.

შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს საქართველოს ნაკრები ბათუმში უკრაინას უმასპინძლებს, ხოლო 19 ნოემბერს ჩეხეთს ესტუმრება.