საქართველო U21 🆚️ ხორვატია U21 | ისტორიული ფინალის პრევიუ
დღეს, 15 ნოემბერს, მიხეილ მესხზე, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფლეიოფის ორმატჩიანი ფინალის პირველ შეხვედრაში ხორვატიის 21-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველო საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჯგუფში ნიდერლანდებთან, შვედეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, მოლდოვასთან და გიბრალტართან ერთად იყო. რამაზ სვანაძის გუნდმა 10 მატჩში დაგროვებული 19 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა და ფლეიოფის საგზური მოიპოვა, რომელშიც ხორვატიას შეხვდება.
ხორვატები ჯგუფში პორტუგალიასთან, საბერძნეთთან, ფარერის კუნძულებთან, ბელორუსთან და ანდორასთან ერთად იმყოფებოდნენ. ივიცა ოლიჩის შეგირდებმა 10 შეხვედრაში 22 ქულა მოიპოვეს და, საქართველოს მსგავსად, მე-2 ადგილი დაიკავეს.
საქართველომ 21-წლამდე ევროზე პირველად 2023 წელს, მასპინძლის რანგში ითამაშა და ჯგუფში, რომელშიც მასთან ერთად პორტუგალია, ნიდერლანდები და ბელგია იყვნენ, პირველი ადგილზე გავიდა. მეოთხედფინალში გუნდმა ესრაელთან პენალტების სერიაში წააგო (ამ შეხვედრას თბილისში, ბორის პაიჭაძეზე თვალი 44,338-მა მაყურებელმა მიადევნა, რაც აღნიშნულ ტურნირზე სარეკორდო მაჩვენებელია). რაც შეეხება ხორვატიას - ისინი შეეცდებიან, ევროზე ზედიზედ მეოთხედ ითამაშონ.
ეს გუნდები ერთმანეთს ბოლოს 2016 წელს შეხვდნენ - საქართველო და ხორვატია, 2017 წლის U21 ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჯგუფში ერთად იყვნენ. პირველ მატჩში ხორვატებმა 1-0 იმარჯვეს, ზესტაფონში გამართული დაპირისპირება კი 2-2 დასრულდა. საერთო ჯამში, ისინი ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ: 1 მატჩი საქართველომ მოიგო, 1 - ხორვატიამ, 2 კი ფრედ დასრულდა - გუნდებმა ერთმანეთს 4-4 გოლი გაუტანეს.
დღევანდელი მატჩს შვედ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება: მთავარი არბიტრი ადამ ლადებეკი იქნება, ასისტენტები ნიკლას ნიუბერგი და დენიელ ინგი არიან, მეოთხე მსაჯი კი - იოაკიმ ესტლინგი.
მატჩი სტარტს 19:00 საათზე აიღებს.
განმეორებითი შეხვედრა 19 ნოემბერს, 22:00 საათზე, რიეკაში გაიმართება.