ავტორიზაცია

საქართველოს ნაკრები იურმალადან რიგაში ჩავიდა და პირველი ვარჯიში გამართა

საქართველოს ნაკრები იურმალადან რიგაში ჩავიდა და პირველი ვარჯიში გამართა
თარიღი 01 ივლ 2024, 18:39
საქართველოს ეროვნული ნაკრები რიგაში ჩავიდა, სადაც 2-დან 7 ივლისის ჩათვლით ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართება. 6 ქვეყნის ნაკრები – ლატვია, საქართველო, ფილიპინები, ბრაზილია, მონტენეგრო, კამერუნი – ოლიმპიადის 1 საგზურისთვის იბრძოლებს.

აღნიშნული ტურნირისთვის მზადება საქართველოს ნაკრებმა 1 ივნისიდან თბილისში დაიწყო, იტალიაში გააგრძელა და ლატვიაში დაასრულა. მზადების ბოლო ეტაპი ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა ლატვიაში, რიგიდან 30 კილომეტრით დაშორებულ იურმალაში გაიარა, სადაც 2 ვარჯიში და 2 სპარინგ-მატჩი გამართა. ჩვენი ნაკრები კამერუნთან 1 ქულით დამარცხდა, ხოლო ეგვიპტეს 32 ქულით სძლია.

29 ივნისს ჯიკიჩმა მოთამაშეებს დასვენების საშუალება მისცა და 30-ში, დილას ნაკრებმა გეზი რიგისკენ აიღო, სადაც ტურნირის ოფიციალურ სასტუმრო Radisson Park Inn-ში დაბინავდა. სადილობისა და მცირე დასვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ტურნირის მასპინძელ რიგა არენაზე ივარჯიშა.

1 ივლისს საქართველოს ნაკრებს 1 ვარჯიში ექნება, რომელიც 18:00 დაიწყება და 19:50-ამდე გასტანს. ვარჯიშის დასკვნითი 5 წუთი მედიის წარმომადგენლებისთვის ღია იქნება.

Gbf.ge