ავტორიზაცია

საქართველოს ნაკრები Socca EuroCup 2025-ზე იასპარეზებს

საქართველოს ნაკრები Socca EuroCup 2025-ზე იასპარეზებს
თარიღი 03 Jun 2025, 12:19
Socca EuroCup 2025 მინი ფეხბურთის (6x6) ტურნირს წარმოადგენს, რომელსაც ყოველწლიურად საერთაშორისო ორგანიზაცია International Socca Federation ატარებს. ჩვენი ქვეყნიდან ა(ა)იპ 7x7 ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით იქმნება საქართველოს ნაკრები, რომელიც სრულად არის დაკომპლექტებული betlive მასტერ ლიგის ფეხბურთელებით, სადაც ქართული ფეხბურთის მოყვარულები ეროვნული ნაკრებისა და ეროვნული ჩემპიონატის არაერთ ყოფილ ფეხბურთელს იხილავენ, რომელთა გამოცდილებაც მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენი გუნდის წარმატების ალბათობას.

წელს, International Socca Federation-ის მიერ ორგანიზებული მინი ფეხბურთის (6x6) ევროპის ჩემპიონატი მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში, 4-8 ივნისს გაიმართება და ¼ ფინალურ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, ნოემბერში, მექსიკაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის - Socca World Cup 2025-ის საგზურს მოვიპოვებთ.

კენჭისყრის შედეგად, საქართველოს ნაკრები არც თუ ისე მარტივ E ჯგუფში, გერმანიის, თურქეთის, ჩეხეთისა და ალბანეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა და ჯგუფური ეტაპის თამაშების განრიგი ასე გამოიყურება:

4 ივნისი 17:00 - საქართველო vs ალბანეთი

5 ივნისი 12:00 - საქართველო vs გერმანია

5 ივნისი 20:00 - საქართველო vs ჩეხეთი

6 ივნისი 11:00 - საქართველო vs თურქეთი

International Socca Federation-ის მიერ ორგანიზებულ მინი ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები უკვე მესამედ იღებს მონაწილეობას. საუკეთესო შედეგი კი 2023 წელს დავაფიქსირეთ, როდესაც საქართველოს ნაკრები მესამე ადგილისთვის თამაშში ხორვატიასთან მინიმალური ანგარიშით 1-0 დამარცხდა, მეოთხე ადგილი დაიკავა და გერმანიის ქალაქ ესენში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ტურნირის ბომბარდირი კი ქართველი ფეხბურთელი ლევან ჩიხრაძე გახდა.

საქართველოს ნაკრების თამაშების ნახვა პირდაპირ ეთერში შესაძლებელი იქნება International Socca Federation-ის იუთუბ არხსა და 7x7 ფეხბურთის ასოციაციის ფეისბუქ გვერდზე.