საუკეთესო პერფორმანსი მესის შემდეგ - მატჩი, რომელშიც ახალი სუპერვარსკვლავი დაიბადა
ჟოან გამპერის თასი წინასასეზონო მატჩია, რომელსაც ბარსელონა ყოველ წელს, კლუბის დამაარსებლის პატივსაცემად ატარებს. ადრე გამპერის თასი ოთხგუნდიანი ტურნირი იყო, ახლა კი მხოლოდ ორი კლუბი მონაწილეობს - ბარსა და ერთი მოწვეული გუნდი.
გასულ წელს ბარსელონამ ტოტენჰემი მოიწვია. ჩავი ერნანდესს სკამზე ლამინ იამალი ჰყავდა, რომელიც მაშინ 16 წლის იყო. მას ესპანეთის ფარგლებს გარეთ არ იცნობდნენ და თითქმის ყველას ეგონა, რომ ლამინი უბრალოდ განაცხადის შესავსებად გამოიძახეს.
2023 წლის 8 აგვისტოს ყველაფერი შეიცვალა. ჩავიმ იამალი მოედანზე შეუშვა და მისი თამაშით ყველა აღფრთოვანებული დარჩა. ლამინმა თავისი პერფორმანსით დაამტკიცა, რომ ევროპის ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავი გახლდათ და მზად იყო, ბარსელონასთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გამხდარიყო
მას შემდეგ იამალი ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს ტალანტად მიიჩნევა და ფინანსური კრიზისი ფონზე, ბარსელონას ფანების მთავარი იმედია.
2023 წლის 8 აგვისტოს ყველაფერი შეიცვალა. ჩავიმ იამალი მოედანზე შეუშვა და მისი თამაშით ყველა აღფრთოვანებული დარჩა. ლამინმა თავისი პერფორმანსით დაამტკიცა, რომ ევროპის ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავი გახლდათ და მზად იყო, ბარსელონასთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გამხდარიყო
მას შემდეგ იამალი ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს ტალანტად მიიჩნევა და ფინანსური კრიზისი ფონზე, ბარსელონას ფანების მთავარი იმედია.
სუპერვარსკვლავების ჩურჩული
ლა მასიაში სჯეროდათ, რომ იამალი ვარსკვლავი გახდებოდა. ჩავიმ ის სავარჯიშო სესიაზე პირველად 14 წლის ასაკში გამოიძახა. 2022/23 წლების სეზონში ლამინმა აჩვენა, რომ იგი ახალგაზრდულ გუნდებში სათამაშოდ ზემეტად მაღალი დონის იყო და ცხადი გახდა, რომ მალე პირველ გუნდში დაწინაურდებოდა.
იამალის თავგადასავალში მაგიური რამ უკვე შეინიშნებოდა - მას ხშირად ლეო მესის ადარებდნენ, რადგან სტილით ერთმანეთს ძალიან ჰგვანან და ორივე ცაციაა. ამასთან, იყო ერთი უცნაური დამთხვევაც: როცა ლამინი ჩვილი იყო, არგენტინელთან ერთად ფოტო გადაიღო, 12 წლის შემდეგ კი ისინი ერთმანეთს კვლავ შეხდნენ და ფოტოზე ჩანს, რომ იამალს ტოტენჰემის შარვალი აცვია - იმ გუნდის, რომლის წინააღმდეგაც პირველად გაიბრწყინა.
რეკორდების დამმხობი
ბარსა ატლეტიკის მაშინდელმა მწვრთნელმა, რაფა მარკესმა 2023 წლის დასაწყისში ჩავის უთხრა, რომ ლამინს შანსი პირველ გუნდში უნდა მიეღო. საბოლოოდ, ერნანდესმა ის აპრილში ათამაშა, როცა ბარსელონას ლა ლიგის ჩემპიონობა უკვე განაღდებული ჰქონდა.
15 წლის ასაკში იამალი ბარსას ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პირველი გუნდის შემადგენლობაში ითამაშა - მისი დებიუტი ბეტისთან 4-1 მოგებულ მატჩში შედგა. ახალგაზრდა მოთამაშემ მოედანზე მხოლოდ 7 წუთი გაატარა, თანაც არასასურველ მარცხენა ფლანგზე, მაგრამ შეხვედრაზე გავლენა მაინც იქონია. უსმან დემბელეს საგოლე მომენტი რომ გამოეყენებინა, ლამინი ასისტს მიითვლიდა. ამასთან, ის გოლის გატანასთანაც ახლოს იყო, მაგრამ ბეტისის მეკარემ კარგი სეივი განახორციელა.
მატჩის შემდეგ ჩავიმ იამალი ძალიან შეაქო. ერნანდესმა თქვა, რომ მან თავდაჯერებულად ითამაშა და საკუთარი ტალანტი წარმოაჩინა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახალგაზრდა იყო. მწვრთნელი მისი პერფორმანსითა და პასებით აღფრთოვანებული დარჩა და ლამინს მოუწოდა, რომ ასე გაეგრძელებინა.
ტოტენჰემის განადგურება
გამპერის თასი იამალისთვის შესანიშნავი შესაძლებლობა იყო, რომ თავი გამოეჩინა. პრესეზონზე ბარსელონას რამდენიმე ტოპ ფეხბურთელი მზად არ იყო და შესაბამისად, ახალგაზრდა შემტევმა პრემიერ ლიგის გუნდის წინააღმდეგ თამაშის შანსი მიიღო, თუმცა მან მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო.
სპურსი კარგად თამაშობდა და პირველი ტაიმის შემდეგ 2-1-ს იგებდა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი აგებდა, ჩავიმ ბოლო 15 წუთში სათამაშოდ იამალი მოედანზე შეუშვა. ერთი შეხედვით, შეხვედრის გადარჩენა უკვე რთული ჩანდა, მაგრამ ლამინმა მატჩზე დიდი ზეგავლენა იქონია. 2 წუთზე ნაკლებ დროში მან ტოტენჰემის მცველები აიკლო და ფერან ტორესს გამათანაბრებელი გოლი გაატანინა. მან შესანიშნავი პერფორმანსი განაგრძო და სპურსის მარცხენა მცველი, სერხიო რეგილონი ააწიოკა.
საბოლოოდ, ბარსელონამ 4-2 მოიგო, იამალი კი მესამე და მეოთხე გოლებშიც ჩართული იყო.
მესისთან მსგავსება
ლამინის თამაშს პრესაში ლოგიკური რეაქცია მოჰყვა - ესპანურმა გამოცემებმა აღნიშნეს, რომ მხოლოდ 15 წუთის მიღების მიუხედავად, იამალის პერფორმანსი, 20 წლით ადრე ლიონელ მესის იუვენტუსთან დებიუტის შემდეგ, საუკეთესო იყო.
მედიამ და საფეხბურთო ექსპერტებმა იამალის მესისთან შედარება სწრაფად დაიწყეს. ამის გამო ჩავიმ გადაწყვიტა, რომ ლამინი სეზონის სტარტზე არ დაეტვირთა და ლა ლიგის პირველ ტურში რაფინია ათამაშა, რომელსაც დიდი კრიტიკა ხვდებოდა.
თავის დამკვიდრება
ჩავის სწრაფი ცვლილების განხორციელება მართებდა. რაფინიამ პირველ მატჩში, ხეტაფესთან წითელი ბარათი მიიღო. 76-ე წუთზე მოედანზე იამალი შევიდა და მატჩზე გავლენა უმალვე იქონია. მე-80 წუთზე მან ანსუ ფატის შესანიშნავი მომენტი შეუქმნა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ვერ გაიტანა და შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.
რაფინიას დისკვალიფიკაციის ფონზე, ლამინმა თამაშის შანსი მიიღო და დაამტკიცა, რომ ამას იმსახურებდა. მომდევნო მატჩი, რომელიც ბარსამ ვილიარეალს 4-3 მოუგო, იამალმა სასტარტოდან დაიწყო. როცა რაფინია დაბრუნდა, ახალგაზრდა ფეხბურთელმა კვლავ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა, რამაც ქომაგები გააღიზიანა, თუმცა ლამინი ზედმეტად ნიჭიერი იყო იმისთვის, რომ ეს როლი მიეცათ.
როცა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი მოახლოვდა, ჩავიმ მოიფიქრა, იამალი და რაფინია ერთად როგორ დაეყენებინა - ბრაზილიელი მარცხენა ფლანგზე გადაიწია, ლამინმა კი მარჯვენა ვინგერის პოზიცია დაიკავა.
გლობალური სუპერვარსკვლავი
იამალის პერფორმანსების გათვალისწინებით, ცხადი იყო, რომ ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლუის დე ლა ფუენტე მას განაცხადს მიღმა ვერ და არ დატოვებდა. სექტემბერში ლამინი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვისაც "ფურია როხაში" უთამაშია, ევრო 2024-ზე კი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. ის ნიკო უილიამსთან ერთად შესანიშნავად გამოიყურებოდა და ესპანეთი ჩემპიონი დამსახურებულად გახდა. 17 წლის ფეხბურთელმა ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრიზი მიიღო.
ამ ასაკში იამალი უკვე მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია და ცდილობს, რომ კილიან მბაპეს შემდეგ ერთ-ერთი უდიდესი ტალანტის რეპუტაცია შეინარჩუნოს. გამპერის თასზე, ტოტენჰემთან გაბრწყინების შემდეგ მან კიდევ უფრო დიდი პროგრესი განიცადა, იმ მატჩს კი ყოველთვის გაიხსენებენ, რადგან ვარსკვლავი სწორედ აღნიშნულ შეხვედრაში დაიბადა - იმ დღის შემდეგ ყველამ იცოდა, რომ ლამინი სუპერვარსკვლავი გახდებოდა...