სენსაციური დაბრუნება - მარიო ბალოტელის იტალიის ნაკრებში გამოიძახებენ!
თურქული „ადანა დემირსპორის“ 31 წლის ფორვარდი, მარიო ბალოტელი, იტალიის ნაკრებშ ბრუნდება.
ინფორმაციას სპორტული ჟურნალისტი ფარიციო რომანო იტყობინება.
მისი თქმით, „სკუადრა აძურას“ მთავარი მწვრთნელი, რობერტო მანჩინი, ბალოტელის ნაკრებში უახლოესი სანაკრებო პაუზის დროს უხმობს, რომელიც მარტში შედგება.
დიდი ალბათობით, ბალოტელისთვის შანსის მიცემა იმან გამოიწვია, რომ გუნდის შემტევმა, ფედერიკო კიეზამ მძიმე ტრავმა მიიღო და ამ სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს.
ბალოტელის „ადანა დემირსპორთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, ის გუნდში 2021 წლიდან თამაშობს.
მიმდინარე სეზონში იტალიელმა ყველა ტურნირზე 20 მატჩში 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ მარტში იტალიის ნაკრებს 2022 წლის მუნდიალის შესარჩევის პლეი-ოფში მოუწევს მონაწილეობის მიღება, პირველი მეტოქე მაკედონიის ნაკრები იქნება, ფინალში კი პორტუგალია/თურქეთის გამარჯვებულს შეხვდება.