სეზონის კულმინაცია ალიანს არენაზე — პსჟ ინტერის წინააღმდეგ

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის ფინალი გაიმართება, რომელსაც ალიანს არენა უმასპინძლებს — თასისთვის ერთმანეთს პსჟ და ინტერი დაუპირისპირდებიან.
მიმდინარე სეზონში პარიზულმა გრანდმა სამი ტურნირი უკვე მოიგო და მე-4 ტიტულის აღმართვას შეეცდება. ლუის ენრიკეს გუნდი საფრანგეთის ლიგა 1-ის, თასის და სუპერ თასის გამარჯვებული გახდა. რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა იტალიელთა ბანაკში — წარმატებული სტარტის მიუხედავად, ნერაძური 2024/25 წლების სეზონში ჯერ კიდევ უტიტულოდ არის.
გუნდები ერთმანეთს ბოლოს 2023 წლის ზაფხულში, ამხანაგურ მატჩში შეხვდნენ, სადაც იტალიელებმა 2-1 მოიგეს. 5 ურთიერთდაპირისპირებაში კი პსჟ მცირე უპირატესობას ფლობს — 3 მოგება და 2 მარცხი.
ინტერს ისტორიაში ჩემპიონთა ლიგა 3-ჯერ აქვს მოგებული (1964, 1965, 2010), ხოლო პსჟ-ს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი არასდროს მოუგია. პარიზელები ყველაზე ახლოს ჩემპიონთა ლიგის თასთან 2020 წელს იყვნენ, როდესაც ფინალში ბაიერნთან დამარცხდნენ.
სეზონის მთავარი მატჩს ორივე გუნდი საკადრო პრობლემების გარეშე და ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. ინტერს პირველივე წუთებიდან შეუტევს პსჟ-ს ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია და შეეცდება 18 წლის შემდეგ მორიგი ჩემპიონთა ლიგის თასი მოუტანოს ქართულ ფეხბურთს.
პსჟ V ინტერი | ჩემპიონთა ლიგის ფინალი | მიუნხენი, ალიანს არენა | 23:00