შეთანხმება მიღწეულია, დეტალები ცნობილი — ხამეს როდრიგესი ახალ გუნდში გადადის
"ევერტონის" შემტევი ნახევარმცველი, ხამეს როდრიგესი კარიერას ყატარის ჩემპიონატში გააგრძელებს.
როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა AS იტყობინება, 30 წლის კოლუმბიელი "ალ-რაიანში" გადასვლას დათანხმდა.
უახლოეს პერიოდში სამხრეთამერიკელი ყატარულ კლუბთან 2024 წლამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერს ხელს. იგი ქვეყანაში ორშაბათს ჩავიდა.
როგორც აღინიშნება, "პსჟ" ყატარში ხამესის ასპარეზობას ყურადღებით მიადევნებს თვალყურს. თუ იგი თავს გამოიჩენს, მაშინ შეიძლება მომავალი სამი სეზონით საფრანგეთის ჩემპიონატში ვიხილოთ.
როდრიგესი "ევერტონს" 2020 წლის სექტემბერში შეუერთდა, ამ დროის განმავლობაში ჩატარებულ 26 მატჩში მან 6 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი პასი გააკეთა.
საინტერესოა, რომ 2021/22 წლების სეზონში ხამესი "კანფეტების" განაცხადშიც კი ვერ მოხვდა და ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.