ავტორიზაცია

სუარესი მილანში გადასვლასთან ახლოს არის, მაგრამ ბრძოლაში კიდევ ერთი კლუბია ჩართული — AS

სუარესი მილანში გადასვლასთან ახლოს არის, მაგრამ ბრძოლაში კიდევ ერთი კლუბია ჩართული — AS
თარიღი 13 Jul 2022, 20:31

"აიაქსის", "ლივერპულის", "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" ყოფილმა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა შესაძლოა კარიერა იტალიაში გააგრძელოს.

35 წლის ურუგვაელი ცალი ფეხით "მილანის" ფეხბურთელია, მაგრამ ბოლო მომენტში ბრძოლაში "მონცაც" ჩაერთო.

იტალიური კლუბები მზად არიან გამოცდილ სამხრეთამერიკელს წლიური ხელფასის სახით 4 მილიონი ევრო უხადონ, წერს გავლენიანი გამოცემა AS-ი.

ლუისის მომავალზე მისმა აგენტმა, მარკო კირდემირმა ისაუბრა: "სუარესისთვის წინადადებებს ვარჩევ და მუდმივად ვესაუბრები. ასე რომ, ვიცი, რა შეთავაზებებს იღებს. "ფენერბაჰჩე" პირდაპირ ლუისს დაუკავშირდა და 6 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა უარი თქვა".

"იტალიაში სურს თამაში, საიდანაც ორი წინადადება აქვს, ერთ-ერთი მათგანი "მონცასგან", რომელიც წლიურად 4 მილიონს სთავაზობს, მაგრამ მისი საიმიჯო უფლებები ძვირი ღირს, ამიტომაც ამის ხარჯზე ანაზღაურება მეტი იქნება".

მოგეხსენებათ, "მონცა" 2018 წლიდან "მილანის" ყოფილ მფლობელს, სილვიო ბერლუსკონის ეკუთვნის, კლუბის გენერალური დირექტორის პოსტს კი ადრიანო გალიანი იკავებს ("როსონერის" ექს-დირექტორი).

სუარესს ამ ზაფხულს "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი ამოეწურა. მადრიდული გუნდი მან უფასოდ დატოვა და ამჟამად თავისუფალი აგენტია.