ავტორიზაცია

თბილისში საერთაშორისო საკლუბო ჩემპიონატი Socca Grand Prix 7 იწყება

თბილისში საერთაშორისო საკლუბო ჩემპიონატი Socca Grand Prix 7 იწყება
თარიღი 02 Sep 2025, 16:09
3-7 სექტემბერს, თბილისში, ფეხბურთის გულშემატკივრებს განსაკუთრებული კვირა ელით.

წელს, უკვე მეორედ, მზიურის პარკთან არსებულ Master League Arena-ზე გაიმართება საერთაშორისო საკლუბო ჩემპიონატი Socca Grand Prix 7.

Socca Grand Prix 7 პირველად 2024 წელს ჩატარდა და ტრიუმფი უკრაინულმა გუნდმა MC SARMAT-მა იზეიმა. წლევანდელი გათამაშება კი კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო დაპირისპირებებით იქნება დატვირთული.

ტურნირში მონაწილეობას იღებს 14 ქვეყნის 20 გუნდი, მათ შორის 7 ქართული გუნდი (თბილისის მერია, ბეთლაივი, გრუნი, ინტერსპორტი, აპტოსი, ბრიჯი და კავკასიის ავტოიმპორტი) ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის, რათა საკუთარი თვალით იხილონ მაღალი დონის საერთაშორისო დაპირისპირებები და თან საკუთარი ქვეყნის გუნდების მხარდაჭერაც შეძლონ.

ტურნირში წარმოდგენილი არიან:

საქართველო, აშშ, ბელგია, ჩეხეთი, ესპანეთი, კვიპროსი, მაროკო, ნიგერია, ომანი, პორტუგალია, საბერძნეთი, თურქეთი, უკრაინა და ხორვატია.

თამაშები გაიმართება მზიურის პარკთან, Master League Arena-ზე, ყოველდღე დილის 11:00 საათიდან ღამის 23:00 საათამდე.

დასწრება თავისუფალია, რაც გულშემატკივრებს საშუალებას აძლევს რამდენიმე დღის განმავლობაში სრულიად უფასოდ ისიამოვნონ საერთაშორისო ფეხბურთით.

საერთაშორისო საკლუბო ჩემპიონატი Socca Grand Prix 7 წარმოადგენს International Socca Federation-ის (ISF) და Socca Georgia Football-ის ერთობლივ პროექტს, რომელშიც მემორანდუმის ფარგლებში, როგორც ადგილობრივი ორგანიზატორი ჩართულია ა(ა)იპ 7x7 ფეხბურთის ასოციაცია და საქართველო აღნიშნულ ტურნირს კიდევ 2 წლის განმავლობაში უმასპიძლებს.

ჩემპიონატის მხარდამჭერები არიან თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი, ბეთლაივი, სპორტული კუთხე “კემპი” და ბენე ექსკლუზივი.