ავტორიზაცია

Throwback: როცა რაფა ნადალმა იკერ კასილიასს 6 გოლი გაუტანა

Throwback: როცა რაფა ნადალმა იკერ კასილიასს 6 გოლი გაუტანა
თარიღი 11 Oct 2024, 18:23
ცოტა ხნის წინ, ლეგენდარულმა რაფაელ ნადალმა განაცხადა, რომ 38 წლის ასაკში საჩოგბურთო კარიერას ასრულებს. გრანდ სლემის 22-გზის გამარჯვებულმა თქვა, რომ დევისის თასის ფინალში გასამართი შეხვედრა მისთვის უკანასკნელი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ნადალი ფეხბურთის დიდი ქომაგია და ერთხელ დაამტკიცა კიდეც, რომ ამ სპორტშიც შესანიშნავად თამაში შეუძლია. 2008 წელს ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა იკერ კასილიასს 1 მატჩში 6 გოლი გაუტანა.

ეს საქველმოქმედო მატჩი იყო, რომელშიც ერთმანეთს "რაფას მეგობრები" და "იკერის მეგობრები" დაუპირისპირდნენ. ნადალმა რეალ მადრიდის ლეგენდარულ მეკარეს ორმაგი ჰეთ-თრიქი შეუსრულა და მოედანზე ბრწყინვალე ფინტებს აკეთებდა. შეხვედრაში მონაწილეობა ისეთმა ფეხბურთელებმა მიიღეს, როგორებიც ფერნანდო ალონსო, დავიდ ფერერი, სამუელ ეტო'ო და რაულ გონსალესი არიან, მაგრამ მოედანზე რაფა ბრწყინავდა. ნადალმა შესანიშნავი გოლები შეაგდო, იკერი კი მის პერფორმანსზე იღიმოდა და აღფრთოვანებული იყო.

პირველი გოლი ნამდვილი მასტერკლასი იყო - ესპანელმა ჩოგბურთელმა ერთ მეტოქეს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა, მეორეს "რულეტით" გასცდა, რის შემდეგაც იკერთან პირისპირ გავიდა და მარტივად შეუგორა. ნადალმა მე-2 გოლი უძლიერესი შორეული დარტყმით გაიტანა, მესამე გოლისას კი რაფამ ცრუ მოძრაობებით 2 მოწინააღმდეგე დააბნია და ისე დაარტყა, რომ კასილიასი ვერც გაინძრა. არაფერი დაეწუნებოდა მის დანარჩენ გოლებსაც.

იხილეთ ჰაილაითები: