ავტორიზაცია

ტომ ჰიტონი ინგლისის ნაკრებში გამოიძახეს

ტომ ჰიტონი ინგლისის ნაკრებში გამოიძახეს
თარიღი 10 Jun 2024, 17:46
მანჩესტერ იუნაიტედმა დაადასტურა, რომ ტომ ჰიტონი მოახლოებული ევროპის ჩემპიონატისთვის ინგლისის ნაკრების განაცხადში მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ 38 წლის ინგლისელი სათამაშო შემადგენლობის წევრი არ იქნება - ის ნაკრებს მეკარეების დამხმარედ უერთდება. ჰიტონი განაცხადში მყოფ 3 გოლკიპერს - ჯორდან პიკფორდს, აარონ რამსდეილსა და დინ ჰენდერსონს დაეხმარება.

"დიდი პატივია, რომ გარეთმა ნაკრებში გამომიძახა. დიდ ტურნირზე წასვლა, ნებისმიერი როლით, და გუნდისთვის ჩემი გამოცდილების გაზიარება საამაყო მომენტია.

დიდებული შემადგენლობა გვყავს. აღფრთოვანებული ვარ და ჯგუფთან შეხვედრას მოუთმენლად ველი," - ციტირებს ტომის სიტყვებს იუნაიტედის ოფიციალური ვებსაიტი.

ჰიტონი, რომელმაც საფეხბურთო კარიერა "ოლდ ტრაფორდზე" დაიწყო, "წითელ ეშმაკებში" 2021 წელს დაბრუნდა და 3 წლის განმავლობაში მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა. ინგლისელს მანჩესტერთან კონტრაქტი ამ თვეში ეწურება, მაგრამ კლუბმა დაადასტურა, რომ მასთან ახალ ხელშეკრულებაზე მოპლაპარაკებები გრძელდება.