ავტორიზაცია

U21 | რამაზ სვანაძისა და ოთარ მამაგეიშვილის პრესკონფერენცია ხორვატიასთან მატჩის წინ

U21 | რამაზ სვანაძისა და ოთარ მამაგეიშვილის პრესკონფერენცია ხორვატიასთან მატჩის წინ
თარიღი 18 Nov 2024, 21:15
21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფლეიოფის ფინალში, ხორვატიის წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ, საქართველოს U21 ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ და ფეხბურთელმა ოთარ მამაგეიშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.

რამაზ სვანაძე

"ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მატჩისწინა პრესკონფერენციას სტუმრად ვმართავთ, რაც სასიხარულოა. ვემზადებით, რომ ის ძალები აღვიდგინოთ, რომელიც პირველ მატჩში დავხარჯეთ. გამომდინარე იქიდან, რომ მეტოქეს ძალიან ლიერი ფეხბურთელები ჰყავს, ურთულეს შეხვედრას ველოდებით.

პირველი მატჩის პრესკონფერენციაზეც აღვნიშნე და ახლაც ვიტყვი, რომ მოწინააღმდეგეს ძალიან დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს. უდიდესი შრომა გავწიეთ, რომ აქამდე მოვსულიყავით.

ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც ჩემი ნაკრების შემადგენლობაშია, ჩემთვის და ჩემი ნაკრებისთვის, უმნიშვნელოვანესია. თითოეული მათგანის რომ მჯერა, სწორედ ამიტომ არიან განაცხადში. ბევრი ისეთი ფეხბურთელი გვყავს, ვისაც ასეთ დონეზე არ უთამაშია და თუ ევროპის ჩემპიონატზე თამაშს შევძლებთ, ეს მათთვის კარიერის ტრამპლინი იქნება.

21-წლამდე ნაკრები ქვეყნის მეორე გუნდია, ფეხბურთელები ეროვნული ნაკრებისთვის ემზადებიან, ასეთ დონეზე მათი მომზადება ეროვნული გუნდის შემდგომი ზრდისთვის მნიშვნელოვანია.

ერთ რამეში დარწმუნებული ვარ - ხორვატიასთან სტუმრად მატჩი, იმაზე გაცილებით სტრესული იქნება, ვიდრე თბილისში იყო, რადგან მათ დასაკარგი არაფერი აქვთ. ეს მატჩი ფსიქოლოგიური კუთხით მძიმე იქნება, თუმცა ჩვენ ვალდებულება ისაა, ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიყოთ. მატჩისწინა განწყობაზე ბევრს არ ვისაუბრებ, რადგან ჩვენთან ყოველთვის დიდებული განწყობაა.

ვიმგზავრეთ და აქ ჩამოვედით, დაღლაზე ან სხვა, რაიმე მიზეზებზე საუბარი არ იქნება, რადგან მატჩის შინაარსი ყველას კარგად ესმის. ვიცი და მჯერა, რომ ფეხბურთელები მაქსიმუმს გაიღებენ.

თბილისში სიფრთხილით ვითამაშეთ, ეს, ასეთ დონეზე, მოსალოდნელიც იყო. სამწუხაროა, რომ იმ მატჩში მეორე გოლი ვერ გავიტანეთ."

ოთარ მამაგეიშვილი

"მოვიგეთ და პატარა უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. მთავარია, კარგად დავისვენოთ და ამ მატჩს ახალი ენერგიებით შევხვდეთ.

განწყობაზე საუბარი ზედმეტი მგონია, ნაკრებში შესანიშნავი ატმოსფეროა და დიდი მოლოდინები გვაქვს. გვიხარია, რომ ასეთი დონის თამაშს ვატარებთ და იმედს ვიტოვებ, რომ მომავალშიც ჩავატარებთ. აქამდე ჩვენი შრომით მოვედით, ახლა კი გვაქვს შანსი, ასეთ ტურნირზე ვითამაშოთ.

ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგიური მზაობა გადამწყვეტი იქნება. ჩემი აზრით, აქამდე არაფერი დაგვიკლია, არც ახალ დავაკლებთ - პირიქით, რაც ჩვენს ძალებს აღემატება, იმასაც აუცილებლად გავაკეთებთ."

საქართველომ პირველი შეხვედრა 1-0 მოიგო. განმეორებითი მატჩი სტარტს ხვალ, რიეკაში, 22:00 საათზე აიღებს.