უეფამ პსჟ - ბაშაქშეხირის მატჩზე მომუშავე არბიტრს განაჩენი გამოუტანა
უეფამ „პსჟ“ – „ბაშაქშეხირის“ მატჩზე მომუშავე არბიტრს განაჩენი გამოუტანა.
სარეზერვო მსაჯს სებასტიან კოლცესკუს 2020/21-სეზონის ბოლომდე დისკვალიფიკაცია მიესაჯა, რადგან მან უეფას მიერ დადგენილი წესი დაარღვია, მატჩებზე მომუშავე არბიტრების ყოფაქცევასთან დაკავშირებით.
როგორც ირკვევა, 2021 წლის 30 ივნისს კოლცესკუ საგანმანათლებლო პროგრამას გაივლის და მხოლოდ მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში შეძლებს ლიცენზიის დაბრუნებას.
მატჩის მთავარმა არბიტრმა, ოქტავიან სოვრემ მკაცრი შენიშვნა მიიღო და ხსენებულ კურსებზე დასწრება მასაც დაევალა. რაც შეეხება თურქული გუნდის მთავარი მწვრთნელის დამხმარეს, პიერ ვებოს, რომელმაც იმ მატჩში წითელი ბარათი მიიღო, მან თავი მხოლოდ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაიძვრინა.
თავდაპირველად უეფა კოლცესკუს რასიზმის გამო 10-მატჩით დასჯას აპირებდა. იყო ეჭვი, რომ მან ვებოს „შავი“ უწოდა. სწორედ ეს გახდა დაპირისპირების მიზეზი და გუნდებმა პროტესტის ნიშნად მოედანი დატოვეს, მატჩი კი მხოლოდ მეორე დღეს გაგრძელდა.