"უმარი დაუმარცხებელია და ვაპირებ, რომ ეს შევცვალო" — მერაბ დვალიშვილი
UFC 311-ის წინ, სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა როგორც მოსამზადებელ ეტაპზე, ასევე მომავალ მეტოქეზე, უმარ ნურმაგომედოვზე. აღნიშნული ორთაბრძოლა კვირას გამთენიისას გაიმართება.
დიახ, თავიდან ვფიქრობდი, რომ ოქტაგონზე მარტში გავსულიყავი, მაგრამ დანა ვაითის შემოთავაზებას დავთანხმდი. ლას ვეგასში ვიყავი და ტრავმას ვიშუშებდი როდესაც დამირეკეს და მეც ბრძოლაზე თანხმობა განვაცხადე, რადგან UFC-ის დავჭირდი.
ტრავმამ ხელი ხომ არ შეგიშალა მომზადებაში?
ვარჯიშის დროს შემიშალა ხელი, მაგრამ ახლა კარგად ვგრძნობ თავს და ბრძოლისთვის ბოლომდე მზად ვარ.
როგორია შენი ცხოვრება საჩემპიონო ბრძოლის შემდეგ ამერიკაში და სამშობლოში? რა შეიცვალა ჩემპიონობის შემდეგ?
სიმართლე გითხრათ არაფერი შეცვლილა, რადგან მე მანამდეც ვიგებდი დიდ ბრძოლებს და ხალხი შეჩვეული იყო ამას. გულშემატკივრებისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ და გარშემოც იგივე ახლობლები მყავს, რომლებსაც კიდევ დაემატა კარგი ადამიანები. ჩემპიონობა ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის განსაკუთრებული იყო — როდესაც დანა ვაითმა ქამარი გამიკეთა, ვერ ვიჯერებდი. შემდეგ საქართველოში ჩავედი და იქ საოცრად დამხვდნენ. ახლა საქართველოს UFC-ის ორ ჩემპიონი ჰყავს და უდიდეს მხარდაჭერას ვბრძნობთ. სხვა მხრივ არაფერი შეცვლილა და ისევ ისეთ მოტივირებული ვარ, რასაც 18 იანვარს იხილავთ.
შენი და უმარის დაპირისპირებას წინ დიდი ამბები უძღოდა. მან თქვა, რომ შენს თავში ეძებ მიზეზს რომ ის გძულდეს. სიმართლეს ეს?
არა, მე არავის სიძულვილი არ მჭირდება. ყველამ ნახა, რომ ო'მალთან ბრძოლის დროს მას ვკოცნიდი და კარგ ხასიათზე ვიყავი. უმარმა არაერთხელ გამოხატა ჩემი და ჩემი ქვეყნის მიმართ უპატივცემულობა, რაც არასწორია.
ბევრი ამბობს, რომ ეს იქნება სუპერმსუბუქი წონის საუკეთესო ბრძოლას. შენ რას ფიქრობ ამაზე?
ჩემთვის ყოველი მეტოქე დიდი გამოწვევაა, რადგან ახალი მეტოქეს ახალი სირთულეები ახლავს თან. ამ ბრძოლის შემდეგ ვიღაც ახალი გამოჩნდება, შეიძლება რემატჩიც კი იყოს, არ ვიცი. ბევრი კარგი მებრძოლი დამიმარცხებია, რაც აღარავის ახსოვს, მაგრამ ეს ბუნებრივია.
შენმა მწვრთნელმა თქვა, რომ თუ უმარს დაამარცხებ, ყველა დროის საუკეთესო გახდები სუპერმსუბუქ წონაში. რას ფიქრობ შენ?
არ მგონია, რომ ეს ასე მალე მოხდეს, მაგრამ ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული. დივიზიონში არაერთი მაღალი დონის ჩემპიონი გვყავდა და ალბათ მეც მოვხვდები ამ სიაში. მე ყოველთვის ჩემს მომდევნო მეტოქეზე ვარ კონცენტრირებული და ახლა წინ მხოლოდ უმარი მყავს და უამრავი მიზეზი მაქვს მის დასამარცხებლად. ის აქამდე ძალიან მარტივად მოვიდა, რადგან დებიუტანტებთან ახლობლობდა და შემდეგ უცბად მეორე ნომერს შეახვედრეს. ამას ვგულისხმობ როდესაც ვამბობ, რომ საჩუქარი მიიღო. რეიტინგს მიღმაც ბევრი კარგი მებრძოლია, მაგალითად რაულ როსასი ან რეიტინგში მყოფი ბაუტისტა, რომელსაც უმარზე უკეთესი შედეგი აქვს, მაგრამ არ ჰყავს ბიძაშვილი ხაბიბ ნურმაგომედოვი. სწორედ ეს იყო ჩემი სათქმელი და მომავალშიც მხოლოდ სიმართლეს ვისაუბრებ.
უმარი დივიზიონში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მებრძოლია და ხომ არ ფიქრობ, რომ ეს თქვენი ბოლო შეხვედრა იქნება? დაამარცხებ ისე, რომ არავის მოუნდეს რემატჩის ხილვა?
ეს არავინ იცის წინასწარ — დიახ, ის ახალგაზრდაა და კიდე გაიზრდება, როგორც მებრძოლი. ამ ბრძოლის შემდეგ თუ ორივე გავაგრძელებთ ისევ მოგებების სერიას, რატომაც არა? შეიძლება რემატჩიც იყოს.
ბევრს არ სჯეროდა შენი სეხუდოსთა, იანთან, ო'მალისთან ბრძოლის წინ და ამბობდნენ, რომ ვერ მოახვევდი მათ შენს სტილს თავზე, თუმცა, ყველა ჯერზე საპირისპირო დაამტკიცე. ახლაც იძახიან, რომ უმართან ჭიდაობა და თეიქდაუნები გაგიჭირდება. რით განსხვავდება უმარი სხვებისგან?
სეხუდო ოლიმპიური ჩემპიონია ჭიდაობაში, ხოლო უმარი MMA-ის სრულყოფილი მებრძოლი და სულ სხვა გამოწვევაა. პირველად ვხვდები მას და ჯერ ვერ ვისაუბრებ განსხვავებაზე. მინდოდა, რომ უფრო დიდი კემპი მქონოდა, რადგან ის ძლიერი როგორც ჭიდაობაში, ასევე სტრაიკინგში და როგორც კი კონტრაქტს მოვაწერე ხელი, მაშინვე დავიწყე ვარჯიში. ახლა კი მზად ვარ და მოუთმენლად ველოდები ორთაბრძოლის დაწყებას.
შენ ძალიან პოპულარული მებრძოლი ხარ ამერიკაში და ვიტყოდი, რომ კავკასიის რეგიონიდან ყველაზე პოპულარულიც კი. გარდა იმისა, რომ კარგი მებრძოლი ხარ, ასევე გაქვს მხიარული ბიჭის იმიჯი, რაც არაერთხელ გამოჩნდა. ბუნებრივად ხარ ასეთი თუ იზრუნე იმიჯის შექმნაზე?
ვინ კარგად მიცნობს იციან, რომ ბუნებრივად ვარ ასეთი და გარდა იმისა, რომ ბეჯითად ვშრომობ, ასევე მიყვარს მეგობრებთან ერთად გართობა. მომწონს, როდესაც კომიკურ სიტუაციაში ვაყენებ თავს და თუნდაც ყინულიან ტბაში გადახტომაც ამაზე მეტყველებს. გარდა იმისა, რომ მხიარული ვარ, კონტენდერების დამარცხებაც კარგად გამომდის და ვფიქრობ, ესეც მეხმარება პოპულარობაში. ტიკტოკზე ბევრი მხიარული ადამიანია, მაგრამ ყველას ჩემსავით ბრძოლა არ შეუძლია.
როგორ მოგწონს შორტი, რომელიც სპეციალურად ამ ბრძოლისთვის დაგიმზადეს?
ძალიან მომეწონა და მადლობა მინდა გადავუხადო UFC-ის და ვენუმს. მათ დამირეკეს და მითხრეს, რომ ოფისში მივსულიყავი დიზაინის შესარჩევად. მე მათ ავუხსენი თუ როგორი დიზაინი მინდოდა და ზუსტად ისეთი გააკეთეს, რაც ვუთხარი. ყველას, განსაკუთრებით საქართველოში ძალიან მოეწონა და მას სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად ვხედავ.
ვიცით, რომ ჭიდაობაში ძლიერი ხარ და ასევე არის უმარიც. აპირებ დაამტკიცო, რომ მიწაზე საუკეთესო ხარ?
არა, მე აქ საბრძოლველად ვარ და არა საჭიდაოდ. უმარი დაუმარცხებელია და ვაპირებ, რომ ეს შევცვალო — მე მას უფრო თავმდაბალს გავხდი.