VIDEO: 7-გოლიანი თრილერი სიგნალ იდუნა პარკზე — დორტმუნდი ბოხუმთან დამარცხდა
გერმანიის ჩემპიონატის 32-ე ტურის ეგიდით, "დორტმუნდმა" შინაურ კედლებში "ბოხუმს" უმასპინძლა.
აღნიშნული დაპირისპირება საკმაოდ დრამატული აღმოჩნდა და ბორუსიელთა მარცხით დასრულდა - 3:4.
მე-8 წუთისთვის სტუმრები უკვე ორბურთიანი ჰანდიკაპით იყვნენ წინ - გოლები სებასტიან პოლტერმა და გერიტ ჰოლტმანმა გაიტანეს.
"დორტმუნდმა" წონასწორობა პირველივე ტაიმში აღადგინა - მე-18 და 30-ე წუთებზე ერლინგ ჰოლანდმა შეარხია მეტოქის კარის ბადე.
62-ე წუთზე ბორუსიელები წინ გავიდნენ - თავი კვლავ ნორვეგიელმა სუპერვარსკვლავმა გამოიჩინა, რომელმაც ჰეთ თრიქი გაიფორმა.
მიუხედავად ამისა, მარკო როზეს შეგირდებმა მოულოდნელი მარცხი იწვნიეს - 81-ე წუთზე იურგენ ლოკადიამ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო გამარჯვების გოლი ზუსტად ოთხ წუთში მილოშ პანტოვიჩმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა.
მოგეხსენებათ, "დორტმუნდი" ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 63 ქულით მე-2 ადგილზეა, ხოლო "ბოხუმი" 39 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს.