VIDEO: ჩალჰანოღლუსა და ჯეკოს სადებიუტო გოლები — ინტერმა სეზონი ჯენოას განადგურებით დაიწყო

იტალიის ჩემპიონატის 2021/22 წლების სეზონის გათამაშების პირველ ტურში "ინტერმა" "ჯუზეპე მეაცაზე" "ჯენოას" უმასპინძლა.
აღნიშნული დაპირისპირება მოქმედი ჩემპიონების გამარჯვებით დასრულდა - 4:0.
შეხვედრაში ანგარიში მე-6 წუთზე გაიხსნა - "ნერაძურის" ახალწვეულის, ჰაჯან ჩალჰანოღლუს გადაცემით მეტოქის კარი მილან შკრინიარმა აიღო. რამდენიმე წუთში თავი თურქმა ნახევარმცველმაც გამოიჩინა და მილანელთა უპირატესობა გაზარდა.
პირველი ნახევრის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-3 წუთზე, ივან პერიშიჩმაც გაიტანა, თუმცა გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, მეორე ტაიმიც "ნერაძურის" აქტიურობით დაიწყო, რამაც შედეგი 74-ე წუთზე გამოიღო - გენუელთა კარის ბადე არტურო ვიდალმა შეარხია.
შეხვედრაში საბოლოო წერტილი "ინტერის" კიდევ ერთმა ახალწვეულმა, ედინ ჯეკომ დასვა - ბოსნიელმა ფორვარდმა "ჯენოას" 88-ე წუთზე გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ვიდეომიმოხილვა