VIDEO: რეალმა ვინისიუსის დუბლით კაცნაკლულ ელჩესთან იმარჯვა და ცხრილში გალიდერდა
ლა ლიგის მე-12 ტურში მადრიდის „რეალმა“ სტუმრად „ელჩე“ დაამარცხა.
შეხვედრა სტადიონ „მანუელ მარტინეზ ვალეროზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
მადრიდელთა რიგებში ორივე გოლი ბრაზილიელმა ვინისიუს ჯუნიორმა გაიტანა - 22-ე და 73-ე წუთებზე, ასისტენტებად კი მარიანო დიასი და ლუკა მოდრიჩი მოგვევლინნენ.
63-ე წუთზე ტონი კროოსის წინააღმდეგ უხეშობის გამო მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა რაულ გუტიმ. მიუხედავად კაცნაკლულობისა, 86-ე წუთზე მილამ ანგარიშში სხვაობა შეამცირა და „რეალს“ ბოლო წუთები დაძაბულობაში გაატარებინა, თუმცა ანჩელოტის გუნდმა უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა და გამარჯვება მოიპოვა.
ამ გამარჯვებით „რეალმა“ 24 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში გალიდერდა.