ავტორიზაცია

ვილი სანიოლის პრესკონფერენცია ჩეხეთის წინააღმდეგ გასამართ მატჩამდე

ვილი სანიოლის პრესკონფერენცია ჩეხეთის წინააღმდეგ გასამართ მატჩამდე
თარიღი 18 Nov 2024, 21:38
ერთა ლიგის ბოლო ტურში, ჩეხეთთან გასამართი მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა.

ჩეხეთის ნაკრებზე: "წინა შეხვედრა 4-1 მოვიგეთ, თუმცა ახლა სულ სხვა გარემო და დატვირთვაა. იმის შემდეგ 2 თვე გავიდა და ჩეხეთში ბევრი რამ შეიცვალა. ჩვენ თავზე უნდა ვიყოთ დამოკიდებული და მაქსიმუმი გავაკეთოთ, რათა კიდევ ერთხელ გავიმარჯვოთ."

დაცვაში თამაშზე: "ყველა თამაში განსხვავებულია. ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთმა ბევრი მომენტი შეგვიქმნა, რასაც ვერ ვიტყვით თბილისში ჩატარებულ მატჩზე. ხვალ ისინი საკუთარ მოედანზე ითამაშებენ და, რა თქმა უნდა, შეუტევენ, ჩვენ კი დაცვაში კარგი თამაში გვმართებს."

მენტალობაზე: "გამარჯვბა საბერძნეთთან, ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლა - ესენი უკვე წარსულია და ხვალინდელ მატჩზე უნდა ვიფიქროთ, თუმცა, რა თქმა უნდა, წინა შეხვედრები ძალიან გვეხმარება, რომ დიდი თამაშების მოგების გამოცდილება მივიღოთ."

ტაქტიკურ გეგმებზე: "რა თქმა უნდა, ბევრი ტაქტიკური გეგმა გვაქვს, თუმცა ზოგი რამდენად გამოდის, ეს მეორე საკითხია. ფაქტია, ყველა ნაკრებისთვის უხერხული მეტოქე გავხდით, მათ შორის, ჩეხეთისთვისაც."

ჯგუფიდან გასვლის შანსებზე: "როცა გავიგეთ, რომ ამ ჯგუფში ვიყავით, თავიდანვე ვიცოდით, რომ რთული თამაშები გველოდა და შემდეგ ეტაპზე გასვლა მარტივი არ იქნებოდა. საგოლე მომენტების შექმნით საქართველო ყველა ნაკრებზე უკეთესია და ფაქტია, ამ კომპონენტში გამორჩეულები ვართ. დანარჩენს ხვალინდელი მატჩი გვაჩვენებს."

ხვალინდელი შეხვედრა, რომელიც ოლომოუცში გაიმართება, 23:45 საათზე დაიწყება.