ვოიცეხ შესნი: 'მესის წინააღმდეგ თამაშის მეშინოდა'
ბარსელონას ახალწვეულმა, ვოიცეხ შესნიმ კატალონიური კლუბის ლეგენდაზე, ლიონელ მესიზე ისაუბრა.
"ყველაზე ძლიერი თავდამსხმელი, ვის წინააღმდეგაც მითამაშია, ლეო მესია. თუმცა, ალბათ, არიან მოთამაშეები, რომლებმაც მასზე მეტი გამიტანეს, რადგან, ვფიქრობ, არგენტინელმა მხოლოდ 3 გოლი გამიტანა. ვიცი, რომ ლეომ ჩემი კარი მხოლოდ 3-ჯერ აიღო, რადგან როცა მან მეკარეებს ლუდები გაუგზავნა, მე მხოლოდ 3 ბოთლი მივიღე. მესის წინააღმდეგ თამაშის ნამდვილად მეშინოდა. ის ყველა დროის საუკეთესოა.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მესის მიერ დარტყმული პენალტის მოგერიება დიდებული გრძნობა იყო. ეს ჩემი საუკეთესო სეივი არ ყოფილა, რადგან სტანდარტული პენალტი იყო, მაგრამ, მატჩის დონისა და მეტოქის გათვალისწინებით, საკუთარი კარიერიდან მაინც ამ მოგერიებას გამოვარჩევდი," - განაცხადა პოლონელმა მეკარემ.