ავტორიზაცია

ყველას გილოცავთ, 4.5-წლიანი ლოდინი დასრულებულია - დღეს, მსოფლიო ჩემპიონატი იწყება, თანაც პირდაპირ სკანდალური მატჩით

ყველას გილოცავთ, 4.5-წლიანი ლოდინი დასრულებულია - დღეს, მსოფლიო ჩემპიონატი იწყება, თანაც პირდაპირ სკანდალური მატჩით
თარიღი 20 Nov 2022, 11:50
4.5-წლიანი პაუზა დასრულებულია, მსოფლიო მასშტაბით ყველა ფეხბურთის გულშემატკივარი ხარობს, მთავარი საფეხბურთო დღესასწაული, მუნდიალი იწყება.

გილოცავთ, ყველა ფეხბურთის გულშემატკივარს. ეჭვი არავის გვეპარება, რომ უახლოესი ერთი თვე დაუვიწყარი და ულამაზესი თამაშებით იქნება სავსე.

კვირა, 20 ნოემბერი, 20:00. სტადიონი „ელ ბაიტი“, ელ-ჰაური. ყატარი, ეკვადორი. 

მთავარი არბიტრი - დანიელე ორსატო (იტალია)

დღეს, ტურნირი სკანდალით მოცული მატჩით იწყება. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დაწერა, რომ გახსნის შეხვედრა მოსყიდულია - ყატარმა ეკვადორს 7.4 მილიონი ევრო გადაუხადა და მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდება, გოლი კი მეორე ტაიმში გავა.

მოდით, ვიმედოვნოთ, რომ ეს პრესის მორიგი ბოდვაა და ადგილზე გახსნილ, მიუკერძოებელ და ლაღ თამაშს მივიღებთ. მიუხედავად იმისა, რომ მუნდიალი რომ არ ერქვას, ეს თამაში არავის ყურადღებას არ მიიპყრობდა.



ყატარის ნაკრების უდიდესი ნაწილი შედგება ფეხბურთელებისგან, რომლებიც ადგილობრივ ჩემპიონატში თამაშობენ, ამიტომ ჯგუფიდან გასვლის შანსს, ამ გუნდს პრაქტიკულად არავინ არ აძლებს. თუმცა, ყატარელებს კარგი სერია დაუგროვდათ და მუნდიალის წინ, ზედიზედ ოთხი ამხანაგური მატჩი მოიგეს - ალბანეთთან, პანამასთან, ჰონდურასთან და გვატემალასთან. თუმცა, მოდით გულწრფელები ვიყოთ, ნიდერლანდები, სენეგალი და ეკვადორიც კი - ცოტა სხვა დონის მეტოქეები არიან.

ერთი რამ, რაც ორივე დღევანდელ მეტოქეს აერთიანებს - ნაკლებად შედეგიანი მატჩების ჩატარებისკენ მიდრეკილებაა. სამხრეთამერიკული გუნდის ბოლო სამი მატჩი, რომელიც მუნდიალს უძღვოდა, უგოლო ფრედ დასრულდა.

რაც შეეხება შემადგენლობას, ეკვადორში ყველაფერი გაცილებით საინტერესოდ არიან - აქ გაცილებით მეტი წარმომადგენელია ლა ლიგიდან, ბუნდესლიგიდან და ახალგაზრდა ტალანტები პრემიერ ლიგიდანაც. ამასთან, „ბრაიტონს“ კაისედოს სანაცვლოდ ახლავე სურს 50 მილიონი ფუნტის მიღება, მისით კი „ლივერპული“ ინტერესდება.


 

შესაბამისად, ალბათ კითხვებიც არ უნდა არსებობდეს, თუ ვინ უნდა მივიჩნიოთ დღევანდელი შეხვედრის ფავორიტად.

სავარაუდო შემადგენლობები:

ყატარი (4-4-2): შიბი (ალ სადი), რო-რო (ალ სადი), ფადლალა (ალ სადი), სალმანი (ალ სადი), ელამნინი (ალ გარაფა), ალი (ალ დუხაილი), ჰატემი (ალ რაიანი), ბუდიაფი (ალ დუხაილი), გაიდოსი (ალ სადი), ალაელდინი (ალ გარაფა), აფიფი (ალ სადი)

ეკვადორი (4-1-4-1): გალინდეზი (უნივერსიდად დე ჩილი), პრესიადო (გენკი), ფელიქს ტორესი (სანტოს ლაგუნა), ჰინკაპიე (ლევერკუზენი), ესტუპინიანი (ბრაიტონი), გრუესო (აუგსბურგი), პლატა (ვალიადოლიდი), ფრანკო (ტალიერესი), კაისედო (ბრაიტონი), იბარა (პაჩუკა), ენერ ვალენსია (ფენერბაჰჩე).