ავტორიზაცია

ყველაზე ახალგაზრდა მეფე

ყველაზე ახალგაზრდა მეფე
თარიღი 10 Jul 2024, 18:03
როცა სამყარომ პელეს არსებობის შესახებ გაიგო, ფეხბურთის მომავალი მეფე მაშინ 17-ის იყო. ლიონელ მესიმ თავისი პირველი მუნდიალი 19 წლისამ ითამაშა და მერე დიდების ყველაზე შთამბეჭდავი ამბავიც დაიწერა.

მესის პირველი დიდი ტანგო გერმანულ მინდვრებზე დაიდგა. ნორჩი გენიოსი ალბისელესტეში ხოსე პეკერმანმა მოიშინაურა და მისი ღვაწლი არგენტინას არასდროს დავიწყებია.
დიდი სანაკრებო სცენებიც ამისთვის არსებობს. მილიონობით გაფაციცებული ქომაგი ახალ შთაგონებას, ახალ მოთამაშეებში ეძებს და მერე ამ აღმოჩენებს ერთმანეთს აფორიაქებული უზიარებს.

ერთი და არსებითად მთავარი დაკვირვებაც: ეროვნული გუნდების ჭიდილში ჯერ კიდევ არ შეუღწევია ეგოცენტრისტი მწვრთნელების მიერ შემუშავებულ სისტემა-მექანიზმებს, რომელიც შემოქმედ არსტისტებს თავისუფლების ნატამალსაც ართმევს.

და ბოლო ასეთ ნიმუშად, ჩვენ ლამინ იამალის ტალანტი ვნახეთ. სრულიად თავისუფალი, დაუმუშავებული ალმასის თვალისმომჭრელი სიკაშკაშე, რომლის ფასზეც კატალონიური მედია მთელი წლის განმავლობაში წერდა, მაგრამ კონტინენტის მასშტაბით, სახელი ევროს სადებიუტო მატჩში გაითქვა.

იამალი მესისთან შედარებებს თავს ალბათ ვეღარ დააღწევს. ამ მძიმე განაჩენს ხელი რიო ფერდინადმაც მოაწერა, რომელიც ხორატიასთან ლამინის თამაშით ფრიად მოხიბლულა და ნამატჩევს ფრიად ომახიანი რამ გვითხრა - რაც მე მინახავს, მესისთან ყველაზე მეტად მიმსგავსებული ფეხბურთელი ლამინ იამალიაო.

არადა, არ ტყუოდა კატალონიური მედია. ვინც ამ ბიჭუნას თამაშს გასული სეზონის განმავლობაში თვალი ერთხელ მაინც მოკრა, მარტივად მიხვდებოდა, რომ საქმე რაღაც განსაკუთრებულთან ჰქონდა. ლამინმა ასაკთან დსაკავშირებული, იქამდე არსებული ყველა შესაძლო რეკორდი გადაწერა, იქცა ბლაუგრანას ძირითადის უცვლელ წევრად და ჩავი ერნანდესი აიძულა, რაფინიასთვის პოზიცია შეეცვალა.

ფეხბურთის ღმერთმა მისთვის ნიჭი აშკარად არ დაიშურა. მაროკოული ფესვებით მომადლებულ, ყველაფრისგან გამორჩეულ არაბულ ტექნიკას, ლა მასიას უნიკალური მაგია და უსწრაფესად აყრილი ტანიც დაუმატა. იამალი ფეხზეც მყარად დგას, კორპუსსაც ღირსეულად იყენებს და ოდნავადაც არ აწუხებს ის ფაქტი, რომ მათემატიკის გამოცდისთვის მომზადებას ვერ ასწრებს...
კი, ამდენად უჩვეულო ამბავია, ბიჭი 16 წლისა და 338 დღისაა, თუმცა სწავლასა და პროფესიას შორისს ბალანსს იოლად ინარჩუნებს. დაახლოებით ისე, როგორც ორ მცველს შორის, ელვის სიჩქარით მიმავალი.

ბარსას ფანებიც ყველა იმედს მასზე ამყარებენ, საუკუნის სტარტზე განვითარებულ ისტორიას იხსენებენ და ამბობენ, რომ ერთ დროს, მდიდარ მადრიდთან ჩაგვრისგან, ისინი ტანმორჩულმა როსარიოლელმა ბიჭუნამ იხსნა. ახლაც ბედისწერისა ეიმედებათ, რადგან ლოს ბლანკოსს ფულიც აქვს, ევროპის მონარქის სტატუსიც და ახლა უკვე კილიან მბაპეს სამსახურიც.
ჩვენ ლამინ იამალ ნასრაუი ებანა გვყავსო, იტყვიან კულეები და ამ სვეტის ხმაურიანად დაწყებასაც გვაპატიებენ. სხვებმა შეიძლება თავში მოყვანილი შედარებები მკრეხელობადაც კი ჩაგვითვალონ, მაგრამ რა ვქნათ, წითელი არმადას ახალთახალმა ფლაგმანმა სხვა გზა არ დაგვიტოვა.
temo
ტოპ კომენტარი
0
10 Jul 2024, 19:08
ბიჭი 16 წლისა და 338 დღისაა, ეს შეცდომაა იამალი 13 ივლისსაა დაბადებული და 3 დღეში 17-ის ხდება. ანუ დღეს ის 16 წლის და 362 დღისაა.