"ლივერპული" - You'll Never Walk Alone - როდემდე მომავლის იმედად? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"ლივერპული" - You'll Never Walk Alone - როდემდე მომავლის იმედად?


მერსისაიდული "ლივერპული" არადამაჯერებელი რეზულტატის ჩვენებას განაგრძობს და დღითი დღე უფრო დიდ რეგრესს განიცდის. მეოთხე დივიზიონში მყოფი "კარლაისლი" იყო მერსისაიდელთა მეტოქე ინგლსის ლიგის თასზე, სადაც "წითლებს" ამ უსუსტესი გუნდის დასამარცხებლად პენალტების სერია დასჭირდათ. ეს კიდევ არაფერია იმასთან, რასაც გუნდი პრემიერ-ლიგაში აჩვენებს. უშანსო მარცხი "ვესტ ჰემთან", დაკარგული ქულები "ნორვიჩთან" და პრინციპული წაგება "მანჩესტერთან", ამასთან, ევროპა ლიგაზე "ენფილდზე" ფრე "სიონთან" და თითქმის მოგებული თამაშის ვერ მოგება "ბორდოსთან" იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ "ლივერპულმა" სეზონი საშინლად დაიწყო. 7 მატჩში მხოლოდ 3 მოგება, იმ გუნდისთვის, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის პრეტენზია აქვს, ძალიან ცოტააა. GOAL.GE გთავაზობთ საინტერესო ბლოგს, სადაც მერსისაიდული კლუბის ცუდი შედეგის მიზეზებსა და ამ კრიზისიდან გამოსვლის გზებზე გესაუბრებით. ცუდი სატრანსფერო პოლიტიკა ბრენდან როჯერსის გუნდმა ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ორი საკვანძო ფიგურა გაუშვა გუნდიდან. სტივენ ჯერარდმა ლოს-ანჯელეს "გალაქსის" მიაშურა, რაჰიმ სტერლინგი კი კარიერის გასაგრძელებლად "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა. მერსისაიდულმა მხარემ ახალგაზრდა მოთამაშის გაყიდვით სერიოზული ფინანსური მოგება ნახა, თუმცა, რამდენად კარგად დაიხარჯა ეს ფინანსები ამას ქვემოთ მოცემულ სტატიაში იხილავთ. რობერტო ფირმინო ერთ-ერთი იმ მოთამაშეთაგანია, რომელიც "ლივერპულს" საკმაოდ ძვირი დაუჯდა, თუმცა, თავისზე დაკისრებულ იმედებს მაინც ვერ ამართლებს. 41 მილიონი ევრო "ჰოფენჰაიმის" ლიდერისთვის სოლიდური თანხაა. ეს სეზონი ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ცუდად დაიწყო. ფირმინოს პრემიერ-ლიგაში ადაპტაციის გავლა უჭირს და სწორედ ამიტომ, ის "ლივერპულის" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებას, ჯერჯერობით, ვერ ახერხებს. ჯეიმს მილნერის ტრანსფერის გამართლება ერთის მხრივ სწორიცაა, რადგან "წითლებმა" ინგლისის ეროვნული ნაკრების მოთამაშე უფასოდ დაიმატეს. მიუხედავად ამისა, ჯეიმს მილნერი არ განეკუთვნება იმ მოთამაშეთა კატეგორიას, რომელსაც მოედნის ცენტრში დომინირება, გუნდის წინ ლიდერობა და გარკვეული მომენტების ინდივიდუალურად გადაწყვეტა შეუძლია. როჯერსს რომ ახალგაზრდა მოთამაშეების ყიდვა უყვარს, ეს ახალი ამბავი არ არის. სწორედ ამის ნათელი მაგალითია ჯო გომეზის გუნდში მოყვანა და შემდგომ მისი სასტარტო თერთმეტეულში დაყენება. ჩრდილო-ირლანდიელი სპეციალისტი ცდილობს, შეიძინოს ნიჭიერი მოთამაშე და ის გუნდის ვარსკვლავად აქციოს. ის, რაც ახლა "ლივერპულს" სჭირდება, ერთპიროვნული ლიდერი და ვარსკვლავი მოთამაშეა. თუნდაც ისეთი, როგორიც პედრო, ბენზემა, კავანი, მარკო როისი ან რობერტ ლევანდოვსკია. კრისტიან ბენტეკეს დამატებით თითქოს "ლივერპულის" შემტევ ხაზში პრობლემა აღმოიფხვრა, თუმცა, ამჯერად ნახევარდაცვის ცენტრში გაჩნდა დიდი სისუსტე. ჯერარდის წასვლის და ჰენდერსონის სერიოზული ტრავმის შემდეგ გუდს აღარ ჰყვას მეპასე, რომელსაც საკუთარი ნახევრიდან თავისი თანგუნდელის ერთი-ერთზე დატოვება შეუძლია. ასე რომ, მერსისაიდელებმა ნახევარდაცვის ცენტრის გაძლიერებაზეც უნდა იფიქრონ. ერთადერთი, სადაც "ლივერპულს" გაძლიერება არ სჭირდება, დაცვის ხაზია, თუმცა, ამ სეზონში ისიც არასტაბილურად გამოიყურება. ერთი შეხედვით, შკრტელი-სახოს დუეტი საკმაოდ ძლიერი და მრავლისმთქმელია, თუმცა, მეორეს მხრივ, ორივე მოთამაშე ამ წელს არც ისეთი დამაჯერებელია, როგორიც მანამდე იყო. დეიან ლოვრენმა წლევანდელი სეზონი კარგად დაიწყო, თუმცა, შემდგომ ძალიან უხეში შეცდომები დაუშვა და ფორმიდან ამოვარდა. რამდენიმე ხნის წინ კი ხორვატ მცველს არ გაუმართლა და უმძიმესი დაზიანება მიიღო. ფლანგებზე კარგად ასპარეზობენ ნათან კლაინი და ალბერტო მორენო. ამ უკანასკნელს კონკურენციას ჯო გომეზი უწევს, რომელიც ესპანელზე არანაკლებ პროდუქტიულია. ასეა თუ ისე, "ლივერპულის" დაცვას აქვს იმის პოტენციალი, რომ სტაბილურობა შეინარჩუნოს და მაქსიმალურად ნაკლები შეცდომა დაუშვას. ტაქტიკური მონახაზი იქიდან მოყოლებული, რაც "ლივერპულს" კრისტიან ბენტეკე შეუერთდა, ბრენდან როჯერსის გუნდი მეტოქის ნახევარზე მეორე სართულზე თითქმის დაუმარცხებელია. მართლაც, ბელგიელი ფორვარდი ბოლო რამდენიმე თამაშია, სტაბილურად იგებს მეტოქის ნახევარზე ორთაბრძოლებს და ამ სტატისტიკით პრემიერ-ლიგის საუკეთესო მოთამაშეებს შორის მოწინავე ადგილსაც იკავებს, თუმცა, მხოლოდ ეს არ კმარა. ბენტეკეს სჭირდება მეწყვილე, რომელიც მასზე ააწყობს თამაშს და გუნდის შეტევას უფრო გაამწვავებს. სტარიჯს ამ ფუნქციის შესრულება თავისუფლად შეუძლია, თუმცა, ინგლისელი ფორვარდიც ინდივიდუალურია და ის გუნდურ თამაშზე უარს ხშირად ამბობს. "ნორვიჩთან" მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში ბენტეკე გაცილებით კარგ პოზიციაზე იმყოფებოდა, თუმცა, სტარიჯმა პარტნიორზე პასის გადაცემას კარში დარტყმა ამჯობინა, რასაც შედეგი არ მოჰყოლია. პირველ რიგში, ეს პრობლემაა მოსაგვარებელი - მეტი კომუნიკაცია ფორვარდებს შორის და ნაკლები მომენტების გაფუჭება. მიუხედავად ამისა, სტარიჯი ინდივიდუალურად ბენტეკეზე არანაკლებ ძლიერი ფორავრდია. ინგლისელმა შემტევმა "ასტონ ვილასთან" შეხვედრაში თავისი მრავალფეროვანი შესაძლებლობების ხარჯზე დუბლის შესრულება შეძლო და რომ არა გადამწყვეტ მომენტში არადამაჯერებელი თამაში, პოკერამდეც ავიდოდა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბრენდან როჯერსი შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ხან ადამ ლალანას ათამაშებს, ხან ფილიპე კოუტინიოს, არადა, ამ პოზიციაზე არანაკლებ კარგი თამაშის ჩვენება შეუძლია რობერტო ფირმინოსაც. ბრაზილიელი მოთამაშე "ჰოფენჰაიმში" სწორედ აღნიშნულ პოზიციას იკავებდა და საკმაოდ შედეგიანიც იყო - ორ სეზონში 23 გოლი და 21 ასისტი. ფილიპე კოუტინიოს და რობერტო ფირმინოს შემტევი ნახევარდაცვის ცენტრში შედეგიანი ტანდემის ჩამოყალიბება შეუძლიათ, თუმცა, ბრენდან როჯერსი მათ რადიკალურად განსხვავებულ დავალებებს აძლევს. სტატისტიკურად, ამ სეზონში "ლივერპული" თავის საჯარიმო მისადგომებთან გაცილებით უფრო მეტ პასს აკეთებს, ვიდრე მეტოქის ნახევარზე, რაც, ალბათ, პირველ რიგში მწვრთნელის დავალებითაა განპირობებული. ამ გუნდს აღარ ეტყობა ის ძველებური შარმი და ბრძოლისუნარიანობა, რაც ხშირად რაფაელ ბენიტესის დროინდელ "ლივერპულს" ახასიათებდა. დინამიური, სწრაფი და კომბინაციური შეტევები შედარებით უფრო ნელი ტემპითა და ბურთის ფლობაზე ორიენტირებული შეტევებით შეიცვალა. მეორე სართული "ლივერპულის" პრიორიტეტი არასდროს ყოფილა, თუმცა, დღესდღეობით, როჯერსის გუნდის მთავარი პლიუსი სწორედ მაღალ ბურთზე ბრძოლაა. მიუხედავად ამისა, ამ სეზონში "ლივერპულს" მეორე სართულიდან მეტოქის კარში გოლი, ჯერჯერობით, არ აქვს გატანილი. როჯერსმა უდავოდ უნდა იფიქროს შემტევი სტილისა და მენტალობის შეცვლაზე, სხვაგვარად, გუნდი ასეთი ტაქტიკით პრემიერ-ლიგას, მინიმუმ, "ასტონ ვილასა" და "ნიუკასლს" შორის დაასრულებს. "ლივერპული" - გუნდი, რომელიც პრესტიჟს კარგავს ბოლო წლებში არასტაბილური შედეგის ჩვენება და მუდამ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის - ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენამ (გამონაკლისი 2013-14 წლები იყო, როცა "ლივერპული" ეპლ-ში მე-2 ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, თუმცა, ჯგუფში ჩარჩა.) მერსისაიდული გუნდის პრესტიჟი ძალიან დააქვეითა. ადრე თუ "ქუდზე კაცი გამოდიოდა", ახლა "ლივერპულში" თამაში ვარსკვლავებს აღარ სურთ და ისინი უფრო "არსენალის", "მანჩესტერის" და სხვა კლუბებისკენ იხრებიან. პრესტიჟის დაცემის გამომწვევი მიზეზი კი დიდწილად ზემოთ ნახსენები ცუდი სატრანსფერო პოლიტიკა გახლავთ. გუნდს ახალ ეტაპზე გადასვლა სჭირდება და ამისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი. იმ რესურსით, რაც, ამჟამად, "ლივერპულს" გააჩნია, ამის გაკეთება შეუძლებელი არ არის, თუმცა, ამისთვის გამოცდილი, ფილოსოფოსი და კარგი ტაქტიკოსი მწვრთნელია საჭირო. ბრენდან როჯერსი კი უდავოდ არ არის ის მწვრთნელი, რომელსაც ამ შემადგენლობით გუნდისთვის პრესტიჟის დაბრუნება შეუძლია. როჯერსი არ არის ის, ვისთან ერთადაც მუშაობაზე ვარსკვლავები ოცნებობენ. ალტერნატიული გზები უკვე დიდი ხანია, რაც "დორტმუნდის" ექს-მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს მერსისაიდულ კლუბთან აკავშირებენ. ის ფაქტიც, რომ კლოპი ინგლისში რამდენიმე დღის წინ ჩაფრინდა, მერსისაიდელთა წისქვილზე წყალს ასხამს. ადგილობრივი "სქაუზერებისთვის" კლოპი უკვე ოცნების მწვრთნელად იქცა. ისინი მიიჩნევენ, რომ იურგენის გუნდში მოსვლის შემთხვევაში "ლივერპულის" პრესტიჟი საგრძნობლად აიწევს და ის ტოპ-ფეხბურთელებისთვისაც უფრო მიმზიდველი იქნება. კლოპს თავის ინტერვიუებში არაერთხელ უთქვამს, რომ ინგლისური ფეხბურთი იზიდავს, თუმცა, გერმანული გამოცემები კლოპისთვის ბრძოლაში ფავორიტად მიუნხენის "ბაიერნს" მიიჩნევენ. ასეა თუ ისე, "ლივერპულის" ბოსებს ისღა დარჩენიათ, კლოპთან სარფიანი კონტრაქტის შეთანხმება და მთავარი მწვრთნელის პოსტზე მისი დანიშვნა მოახერხონ. გასულ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე პრესაში იწერებოდა ჭორები იმის თაობაზე, რომ "ლივერპული" ეზეკიელ ლავეცისთან, ედინსონ კავანისთან, ისკოსთან და მარკო როისთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა. "წითლებმა" აღნიშნული მოთამაშეების სანაცვლოდ შეთავაზებებიც გააკეთეს, თუმცა, ამაოდ. მოტივაცია და პრესტიჟ დაქვეითებულ კლუბში გადასვლით ვარსკვლავები არ ინტერესდებიან. არსებობს "ლივერპულის" წუმპედან ამოყვანის ორი ალტერნატიული გზა. პირველი: გაგრძელდეს ახალგაზრდა მოთამაშეების ყიდვა, ახალგაზრდული აკადემიის განვითარება და დარჩეს კლუბი თავის გულშემატკივრებიანად მომავლის იმედად. ამის პოტენციალი მერსისაიდულ კლუბს, ასე თუ ისე, აქვს. როჯერსის გუნდში ბევრი იმედის მომცემი ტალანტი ირიცხება. კლუბი სამომავლოდ დარჩება ისეთი მოთამაშეების იმედად, როგორებიც არიან: ჯორდონ აიბი, ბრანაგანი, როსიტერი, ფლანაგანი, ჯო გომესი, სინკლეირი, ალექს ტეიშეირა და ა.შ. ისინიც ან გაამართლებენ და ან ვერა. მეორე გზა გუნდში დიდი ინვესტიციის ჩადებაში მდგომაროებს. მთავარი მწვრთნელის პოტზე დაინიშნოს პრესტიჟული სახელის მთავარი მწვრთნელი (კარლო ანჩელოტი, იურგენ კლოპი) და აქცენტი აქტიურ სატრანსფერო პოლიტიკაზე გაკეთდეს. ისინი, ვინც გუნდში ზედმეტ ხელფასს იღებენ და თამაშით ვერანაირი სარგებლის მოტანას ვერ ახერხებენ, უნდა წავიდნენ და ისინი ტოპ-მოთამაშეებმა უნდა ჩაანაცვლონ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გუნდში კონკურენციასა და, შესაბამისად, ძლიერ სკამს. კლუბს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე რეგულარულ თამაშს და პრესტიჟულ გრანდად ქცევას უმიზნებს, ნებისმიერ პოზიციაზე, მინიმუმ, 2-3 კარგი შესაძლებლობის მქონე მოთამაშე უნდა ჰყავდეს. მიუხედავად ამისა, მერსისაიდელთა აქციების მფლობელი ჯონ ჰენრი, წლებია კლუბში სერიოზული ინვესტიციების ჩადებით არ ინტერესდება და ის უფრო თავის ბეისბოლის კლუბზეა გადართული, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში სიმდიდრით მე-2 ადგილზე იმყოფება.

ნიკა ნოზაძე, სპეციალურად GOAL.GE-სთვის


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები