ჩემპიონთა ლიგა: "ბარსელონა" და "არსენალი" პირველი გამარჯვების ძიებაში არიან » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჩემპიონთა ლიგა: "ბარსელონა" და "არსენალი" პირველი გამარჯვების ძიებაში არიან


GOAL.GE გთავაზობთ უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის დღევანდელი შეხვედრების სრულ პრევიუს. დღეს ბევრი საინტერესო მატჩი გაიმართება, "ბარსელონა" პირველი გამარჯვების მოსაპოვებლად "ლევერკუზენს" შეერკინება, ხოლო ლონდონის "არსენალი" სამარცხვინო მარცხის შემდეგ "ოლიმპიაკოსის" დამარცხებას შეეცდება.

A ჯგუფი

"ბარსელონა" - "ლევერკუზენი" უეფას ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა მფლობელმა პირველ ტურში რომში ადგილობრივი "რომას" დამარცხება ვერ მოახერხა (1:1). მას შემდეგ, ლუის ენრიკეს გუნდმა სათამაშო ხარისხს აშკარად უკლო. "სელტასთან" კატალონიური კლუბი გამანადგურებელი ანგარიშით - 4:1 დამარცხდა. ამ მარცხის შემდეგ "ბარსელონამ" რეაბილიტაცია "ლას პალმასთან" მოპოვებული გამარჯვებით მოახდინა, თუმცა, ამის გაკეთება "ბლაუგრანელებს" მძიმედ დაუჯდათ, რადგან მათ გუნდის უდავო ლიდერი, ლიონელ მესი 2 თვით დაკარგეს. "ლევერკუზენმა" ბუნდესლიგაში "ვერდერის" დამარცხება მარტივად - 3:0 შეძლო. ცუდად დაწყებული სეზონის გამო გერმანელები, ამჟამად, ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე არიან და ლიდერ "ბაიერნს" 9 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, ამ გუნდებს შორის გამართულ ბოლო მატჩში "ბარსელონამ" მესის პენტა-ტრიკის წყალობით 7:1 იმარჯვა. სწორედ ამიტომ, "ლევერკუზენი" შეეცდება, რომ წარსულში განცდილი მარცხის გამო რევანში აიღოს. "რომა" - "ბატე" იტალიური "რომა" "ბარსელონასთან" ნათამაშები ფრის შემდეგ ბელორუსულ "ბატესთან" გამოკვეთილი ფავორიტია. იმის ფონზე, რომ "რომას" უშუალო კონკურენტმა, "ლევერკუზენმა" პირველ ტურში "ბატეს" დამარცხება და თავის აქტივში სამი ქულის ჩაწერა შეძლო, დღეს რომაელებს გამარჯვება ძალიან სჭირდებათ. რომაელები დღევანდელ შეხვედრას სერიოზული დანაკლისით შეხვდებიან. დედაქალაქელთა ლაზარეთში ედინ ჯეკო, ფრანჩესკო ტოტი და კევინ სტროოტმანი იმყოფებიან. იტალიური კლუბის მთავარი სადავეები ფლანგები იქნება, საიდანაც რომაელთა შეტევებს მოჰამედ სალაჰი და ჟერვინიო გაამწვავებენ.

B ჯგუფი

"ბაიერნი" - "დინამო ზაგრები" მიუნხენის "ბაიერნმა" პირველ ტურში "ოლიმპიაკოსის" დამარცხება მარტივად შეძლო და ამჯერად ჯგუფის მე-2 აუტსაიდერს, "დინამო ზაგრებს" დაუპირისპირდება. ხორვატებმა, მიუხედავად აუტსაიდერის სტატუსისა, პირველ ტურში ლონდონის "არსენალს" სძლიეს და აქტივში სამი ქულის ჩაწერა შეძლეს. სწორედ ამიტომ, დღეს "ბაიერნს" ადვილი მატჩი სულაც არ ელის. "ბაიერნს" დღესაც, ტრადიციულად, ბევრი ლიდერი არ ეყოლება. "რეკორდმაისტერს" ისეთი მოთამაშეები ვერ დაეხმარებიან, როგორებიც არიან: ფრანკ რიბერი, არიენ რობენი, ჰოლგერ ბადშტუბერი, იან კირჰოფი და მეჰდი ბენატია. რაც შეეხება ხორვატულ კლუბს, "დინამო ზაგრების" დახმარებას დღეს ივო პინტო და სინალი ვერ შეძლებენ. "არსენალი" - "ოლიმპიაკოსი" "ბაიერნთან" წაგების შემდეგ ბერძნულმა "ოლიმპიაკოსმა" შიდა ჩემპიონატში ზედიზედ 2 მატჩი მოიგო. ორივე შეხვედრაში ერთად "ოლიმპიაკოსმა" 8 გოლის გატანა შეძლო. შეიძლება, ითქვას, ბერძნები დღევანდელ შეხვედრას ბრწყინვალე მორალური მდგომარეობით ხვდებიან. "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში "დინამო ზაგრებთან" სენსაციურად მინიმალური სხვაობით წააგო (2:1), შემდგომ რეაბილიტაცია პრემიერ-ლიგაში მოახდინა და ლონდონურ დერბიში "ტოტენჰემის" დამარცხება შეძლო. ბოლო ტურში კი, მიუხედავად სასტარტო წუთებში გაშვებული ბურთისა, "არსენალმა" "ლესტერის" დაბომბვა მაინც შეძლო და, საბოლოოდ, მეტოქეს 5:2 სძლია. არსენ ვენგერის გუნდს ევროტურნირზე ქულები ძალიან სჭირდება, ამიტომაც დღეს ლონდონელები ერთპიროვნული ფავორიტის სტატუსით ისარგებლებენ.

C ჯგუფი

"მაკაბი" - "დინამო კიევი" ჯგუფის აუტსაიდერები ერთმანეთს მეორე ტურში თელ-ავივის სტადიონზე დაუპირისპირდებიან. პირველ ტურში უკრაინულმა "დინამომ" დამაჯერებელი თამაში აჩვენა და "პორტუს" ორჯერ ამარცხებდა, თუმცა, პორტუგალიურმა კლუბმა ანგარიშის გათანაბრება ორივე შესაძლო შემთხვევაში შეძლო და, საბოლოოდ, მატჩი შედეგიანი ფრით 2:2 დასრულდა. "მაკაბიმ" პირველი შეხვედრა "ჩელსისთან" უშანსოდ წააგო. დღეს ისრაელის წარმომადგენელი კლუბი ქულების მოსაპოვებლად ყველაფერს გააკეთებს, ასე რომ თელ-ავივის სტადიონზე უშეღავათო ბრძოლას უნდა ველოდეთ. "პორტუ" - "ჩელსი" საინტერესო მატჩი გაიმართება პორტუგალიაში, სადაც ადგილობრივი "პორტუ" საკუთარ არენაზე ჯგუფის უდავო ფავორიტს, ლონდონის "ჩელსის" დაუპირისპირდება. "პორტუმ" ქულები პირველივე ტურში დაკარგა "დინამო კიევთან" შეხვედრაში, ხოლო ჟოზე მოურინიოს გუნდმა "მაკაბის" დამარცხება ადვილად შეძლო. შიდა ჩემპიონატში "ჩელსის" საქმე ძალიან ცუდად მისდის. 7 ტურის შემდეგ ლონდონურ კლუბს მხოლოდ 8 ქულა აქვს და მე-14 ადგილს იკავებს. "პორტუ" პორტუგალიის პრიმერა ლიგაში "სპორტინგთან" ერთად პირველ ადგილზეა. რაც შეეხება დანაკლისს, "პორტუს" დღევანდელ მატჩში ბრაჰიმი დააკლდება, ხოლო "ჩელსის" ტრავმის გამო ტიბო კურტუა და ახალგაზდა კენედი ვერ დაეხმარებიან.

D ჯგუფი

"ლიონი" - "ვალენსია" დაძაბული მატჩი გველის საფრანგეთში, სადაც "ლიონის" მეტოქე ესპანური "ვალენსია" იქნება. ჩემპიონთა ლიგის პირველმა ტურმა ორივე გუნდისთვის ცუდად ჩაიარა. "ლიონმა" სტუმრად "გენკთან" დაკარგა ქულები (1:1), ხოლო "ვალენსიამ" საკუთარ მოედანზე "ზენიტთან" წააგო (2:3). ამ არადამაჯერებელი რეზულტატის ჩვენების შემდეგ დღეს ორივე გუნდი რეაბილიტაციის მოხდენას შეეცდება. ასე რომ, ამ წყვილში სანხაობრივ, უხვგოლიან და საინტერესო მატჩს უნდა ველოდეთ. "ლიონს" ტრავმის გამო ისეთი მოთამაშები დააკლდება, როგორებიც არიან: ფოფანა, გრენიე, რაფაელი, ფეკირი, ბედიმო, იანგა მბივა და ბაკარი კონე. დანაკლისი "ვალენსიასაც" სერიოზული აქვს. ესპანური კლუბის ლაზარეთში დიეგო ალვესი, მატ რაიანი, გომესი და ხოსე გაია იმყოფებიან. "ზენიტი" - "გენკი" სანქტ-პეტერბურგულმა კლუბმა პირველ ტურში "ვალენსია" სტუმრად დაამარცხა და, ამის თქმა ჯერ ადრეა, მაგრამ მაინც, წინ დიდი ნაბიჯი გადადგა პლეი-ოფებისკენ. "გენკმა" საკუთარ მოედანზე "ლიონთან" ფრე გააგორა და პირველი ქულა ჩაიწერა აქტივში. რუსულ კლუბს ცხრილის ზედა ნაწილში გასაბატონებლად დღესაც გამარჯვება სჭირდებათ. სანქტ-პეტერბურგელები თავიანთ მოედანზე ყოველთვის უკეთ თამაშობენ, ვიდრე გასვლაზე. "ზენიტის" შემტევი ხაზის ლიდერი ჰალკი მშვენიერ ფორმაშია. სწორედ მისი უნდა ეშინოდეთ "გენკის" მცველებს პირველ რიგში. მომზადებულია სპეციალურად GOAL.GE-სთვის

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები