გოშთელიანი: "იმ ლამაზ ფეხბურთს ვითამაშებთ, რასაც ვთამაშობთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გოშთელიანი: "იმ ლამაზ ფეხბურთს ვითამაშებთ, რასაც ვთამაშობთ"


გოშთელიანი:
უმაღლესი ლიგის მე-8 ტურში, თბილისურმა "საბურთალომ" თერჯოლის "საპოვნელა" მინიმალური ანგარიშით, 2-1 დაამარცხა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, გამარჯვების გოლის გატანა გურამ გოშთელიანმა მოახერხა. GOAL.GE მატჩის შემდეგ 18 წლის შემტევს "საპოვნელასთან" ჩატარებული მატჩის და "მიდტიულანდთან" მოახლებული მატჩის შესახებ გაესაუბრა. - მატჩი "საპოვნელას" წინააღმდეგ... - დაძაბული თამაში გამოდგა. უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ მომენტების გამოყენება ვერ შევძელით, დავისაჯეთ და ანგარიში გაგვითანაბრეს, თუმცა საბოლოოდ მაინც მოვახერხეთ გამარჯვება. - გაშვებული გოლის გარდა, "საბურთალოს" შესაძლოა, კიდევ მიეღო ბურთები საკუთარ კარში. ხომ არ იყო გუნდი დანიურ კლუბთან მატჩზე გადართული... - "საპოვნელას" წინააღმდეგ, სხვა გუნდთან მატჩზე არ გვიფიქრია. იმერული გუნდის შექმნილ მომენტებს ამას ვერ დავაბრალებ. გვინდოდა, მეტი გოლი გაგვეტანა, დაცვაში სივრცეები დარჩა, როდესაც დიდი ძალებით წინ წავედით, ამით კი "საპოვნელამ" ისარგებლა. - მომდევნო მატჩი "მიდტიულანდთან" გაქვთ. გუნდს გოლები სჭირდება. როგორია შენი განწყობა ამ ურთულესი შეხვედრის წინ... - "მიდტიულანდთან" შეხვედრის წინ არანაირი შიში არ არსებობს. ჩვენ გვჯერა ჩვენი წარმატების და ჩვეულებრივად იმ ლამაზ ფეხბურთს ვითამაშებთ, რასაც ვთამაშობთ. არანაირი განსხვავებული ტაქტიკა არ იქნება.

ნინო ვაშაკიძე


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები