ართმელაძე: "მაისურაძის დროს, მომენტების რეალიზების პრობლემა იყო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ართმელაძე: "მაისურაძის დროს, მომენტების რეალიზების პრობლემა იყო"


1 ნოემბერს, უმაღლესი ლიგის მე-9 ტურის მატჩები გაიმართება. მარტვილის "მერანი" აღნიშნულ რაუნდში თბილისის "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება. ტურის წინ, GOAL.GE "ლოკომოტივის" შემტევს, შერმადინ ართმელაძეს გაესაუბრა, "საბურთალოსთან" შეხვედრაზე, გუნდის ახალ მწვრთნელზე და მომდევნო დაპირისპირებაზე. - "საბურთალოსთან" მატჩი... - ძალიან დაძაბული შეხვედრა იყო. თავიდან, ყველაფერი ისე მიმდინარეობდა, როგორც ჩვენ გვინდოდა, მაგრამ მე-3 გატანილი გოლის შემდეგ, მოვეშვით და დავისაჯეთ. რაც მთავარია, საბოლოოდ ჩვენ დაგვრჩა 3 ქულა. რაც შეეხება გოლებს, მეტოქე მატჩის წინ კარგად შევისწავლეთ, მათი სუსტი წერტილები ვიცოდით, სწორედ ამ მხრიდან შევუტიეთ და მიზანსაც მივაღწიეთ. - ცვლილებები, რომელიც ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ განხორციელდა... - ვასილი ძალიან ძლიერი მწვრთნელია. ვფიქრობ, მისი ყოფნის დროს გუნდში კარგი სიტუაცია იყო. უბრალოდ, თამაშების დროს არ გვიმართლებდა, მომენტებს ვერ იყენებდნენ ბიჭები. არ მქონია ის სიამოვნება, მისი ყოფნისას მეთამაშა, მაგრამ ჩემი შეხედულება ეგეთია, რომ მაისურაძის დროს, მომენტების რეალიზების პრობლემა იყო. ჟერარმა ეს უფრო კარგად მოახერხა და უკანახაზის მოქმედებებიც უფრო დალაგებული და მობილიზებულია. მინდა, მადლობა გადავუხადო ვასილ მაისურაძეს, რაც გუნდში ყოფნის დროს კლუბისთვის გააკეთა. - ესპანურ გამოცემა, "მარკაში" გამოქვეყნდა სტატია: ჟერარ სარაგოსა მულეტმა ქართველებს ტიკი-ტაკა ასწავლაო... - მას, რასაც ესპანური ტიკი-ტაკა ქვია, უდიდესი შრომა სჭირდება, მაგრამ მთავარია, დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა და ვფიქრობ, გარკვეულწილად, შედეგიც არის. - გავიდა გარკვეული დრო, რაც გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს. რას იტყვი მასზე? - სარაგოსა მულეტი ძალიან ბევრს შრომობს იმისთვის, გუნდს შედეგი ჰქონდეს და ყველაფერს აკეთებს, რომ სატურნირო სიტუაცია გამოვასწოროთ. ვარჯიშის დროს, იგი უდიდეს ენერგიას ხარჯავს. მოედანს გარეთ კი ძალიან კარგი პიროვნებაა და ფეხბურთელებთან მეგობრულადაა. - მომდევნო ტურის მატჩი "ლოკომოტივს" "მერანის" წინააღმდეგ, მარტვილში აქვს... - ძალიან დიდი მოტივაცია გვაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისინიც მოტივირებულნი არიან, რადგან სატურნირო ცხრილში ეს 2 გუნდი ერთმანეთთან ახლოსაა და მოგებით კიდევ უფრო დაგვეწევიან, მაგრამ ჩვენი საწვრთნელი პროცესები ბრწყინვალედ მიმდინარეობს. "საბურთალოსთან" შეხვედრის შემდეგ ძალების აღდგენა მოვახერხეთ და იმედი მაქვს, გამარჯვებას მოვახერხებთ.

საბა საპანაძე


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები