ეროვნული ლიგა დაძაბული ტურის მოლოდინშია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ეროვნული ლიგა დაძაბული ტურის მოლოდინშია


ეროვნული ლიგა დაძაბული ტურის მოლოდინშია

დღეს და ხვალ საქართველოს ეროვნული ლიგის 26-ე ტურის მატჩები გაიმართება. მესამე წრეს დასასრულისკენ მიდის და ჯერ ბევრი რამ გასარკვევია, ამიტომაც ყველა ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე, ამ ტურშიც ყველა შეხვედრას თავისებური ინტრიგა ახლავს.

16 სექტემბერი
სამტრედია-ლოკომოტივი

სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე
არბიტრი: გ. ყრუაშვილი; პირველი ასისტენტი: ლ. ვარამიშვილი; მეორე ასისტენტი: ზ. მენთეშაშვილი; მეოთხე მსაჯი: დ. სანოძე

ტურის ცენტრალურ მატჩად ეროსი მანჯგალაძეზე გასამართიშეხვედრა უნდა მივიჩნიოთ. ლოკომოტივი გამარჯვების შემთხვევაში ძალიან დაძაბავს ბრძოლას სამეულისთვის. წაგების შემთხვევაში კი მხოლოდ მიზერულ შანსს დაიტოვებს. ასე რომ, როგორც იტყვიან, 6-ქულიანი მატჩია.

ლოკომოტივი იშტაზეა მოსული და ბოლო 4 ტურში 12 ქულა აიღო. ცხადია, რკინიგზელები შეეცდებიან ამ წარმატებული სერიის გაგრძელებას.

სამტრედიამ კი ზედიზედ 3 ფრეს შემდეგ წინა ტურში მოიგო, ასე რომ, ახლა დასაკარგი ქულები არ აქვს, რადგან ბრძოლა მე-2 ადგილისთვისაც ძალუძს და თუ იღბალიც წაეხმარება, ჩემპიონობისთვის.

დინამო (ბთ)-ტორპედო

ბათუმი. რაგბი არენა
არბიტრი: ჯ. ხორავა; პირველი ასისტენტი: დ. ჩიგოგიძე; მეორე ასისტენტი: ზ. ბერულავა; მეოთხე მსაჯი: ტ. რუხაია
დისკვალიფიკაცია: გუგა ფალავანდიშვილი (ტორპედო)

საინტერესო მატჩი უნდა გამოდგეს: ბათუმელებმა წინა ტურში სტუმრად 0:5 წააგეს საბურთალოსთან და ახლა საკუთარი მაყურებლის წინაშე იმ მარცხის რეაბილიტაციას შეეცდებიან. პლუს, ზღვისპირელებს არცთუ დალხენილად აქვთ საქმე და ელიტაში დარჩენის საკითხი გასარკვევი აქვთ.

მესამე წრე კი ძალიან ცუდი გამოდგა ტორპედოსთვის _ ბოლო 5 ტურში რიონისპირელებმა მხოლოდ ერთხელ იმარჯვეს, 2 ფრედ დაასრულეს და ორიც წააგეს, რის შემდეგ საჩემპიონო ბრძოლას პრაქტიკულად ჩამოშორდნენ. მორიგი ქულების დაკარგვა კი სამეულში მოეხვედრაზეც შეუქმნის პრობლემებს.

17 სექტემბერი
ჩიხურა-კოლხეთი

ივანწმინდა. ცენტრალური
არბიტრი: გ. ავაზაშვილი; პირველი ასისტენტი: ზ. ფიფია; მეორე ასისტენტი: ა. კოკაია; მეოთხე მსაჯი: პ. მაჭარაძე
დისკვალიფიკაცია: თორნიკე გრიგალაშვილი (ჩიხურა), დინო ჰამზიჩი (ჩიხურა);

ჩიხურა მშვიდად არის, სავარუდოდ, აქცენტი უფრო თასზე ექნება გადატანილი, სადაც ნახევარფინალშია გასული და იქ მესამელიგელი ელოდება. ჩემპიონატში თავიდან არასტაბილურად დაიწყო და ახლა ევროტურნირების ზონაში მოხვედრა გაუჭირდება.

ქულები უფრო კოლხეთს სჭირდება, რადგან ძალიან საშიში ზონაში იმყოფებიან. მართალია, მე-9 ადგილი პირდაპირ გავარდნის საშიშროებას არ იძლევა, მაგრამ ზურგს უკან შუქურას სუნთქვა ესმის, რომელიც ბოლო ტურებში კარგ ფეხბურთს აჩვენებს და ჯერ არაფრის შანსი დაუკარგავს. გარდა ამისა, კოლხთათვის ვერც პლეი აუტი გახდება ელიტაში დარჩენის გარანტი.

კოლხეთს ბოლო 4 მატჩი წაგებული აქვთ, ვნახოთ რას შეცვლის გუნდში ახალი მწვრთნელი, უკრაინელი ბელგიელი ალექსანდრ შტელინი, რომელიც ფოთელთა თავკაცად ამ ტურის წინ დაინიშნა.

შუქურა-დილა
ბათუმი. რაგბი არენა
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი; პირველი ასისტენტი: ი. უკლება; მეორე ასისტენტი: ს. სპიცინი; მეოთხე მსაჯი: კ. გიორგაძე
დისკვალიფიკაცია: გიორგი კახელიშვილი (შუქურა);

ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი მატჩია. შუქურა ბოლო ადგილზეა და ზღვისპირელებს დასაკარგი არაფერი აქვთ. ამასთან, ბოლოს ქულების მოგროვებაც დაიწყეს და ხასიათიც გამოიკეტეს. წინა ტურში სულაც ლიდერ დინამოს ააცალეს ქულა, არადა, რომ არა ბოლო წუთზე ჩავარდნილი მომენტის, დედაქალაქიდან 3 ქულითაც დაბრუნდებოდნენ, მაგრამ...

გორელებიც დასარჩენად იბრძვიან _ მესამე წრეში ყველამ მოუგო კოლხეთის გარდა და მორიგ 3 ქულას აუტსაიდერთან გეგმავენ, მაგრამ ქობულეთელთა უკითხავად? ცხადია, შუქურა არაფერს დათმობს.

დინამო (თბ)-საბურთალო
თბილისი. დინამო არენა
არბიტრი: გ. ვადაჭკორია; პირველი ასისტენტი: ლ. თოდრია; მეორე ასისტენტი: გ.ელიკაშვილი; პირველი დამატებითი ასისტენტი: გ. ვარდიძე; მეორე დამატებითი ასისტენტი: შ. ქუხილავა; მეოთხე მსაჯი: ი. ხერხაძე;
დისკვალიფიკაცია: ცოტნე ნადარაია (საბურთალო);

ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობამ ტურის ცენტრალურ მატჩად დედაქალაქური დერბი მიიჩნია და მსაჯთა დიდი კორპუსიც გაუშვა. თუმცა, გაცილებით საინტერესო მატჩები სხვა ქალაქებში იმართება.

დინამო ლიდერია და საჩემპიონოდ შემართული. საამისოდ კი ბოლოს ქულები გაანიავა და მეტოქეები რომ არ წახმარებოდნენ, საქმეს გაირთულებდნენ. ასე რომ, მორიგი წაფორხილების უფლებას თავს არ მისცემენ.

მით უფრო, რომ მეტოქედ ცხრილის შუაგულში უმოტივაციოდ მყოფი საბურთალო ჰყავთ. არ ვამბობთ, რომ საბურთალოელები ფეარ პლეის პრინციპებს დაარღვევენ და დინამოს იოლი 3-ქულიანი მატჩი ელით _ უბრალოდ, ქვეყნის ფლაგმანი გუნდის მოტივაცია გაცილებით მაღალია.

სატურნირო ცხრილი:
1.დინამო (თბ) 25 18 3 4 63-18 57
2.ტორპედო 25 14 6 5 34-20 48
3.სამტრედია 25 14 6 5 39-25 48
4.ლოკომოტივი 25 13 3 9 46-33 42
5.ჩიხურა 25 11 4 10 32-39 37
6.საბურთალო 25 11 4 10 37-28 37
7.დინამო (ბთ) 25 8 2 15 22-37 26
8.დილა 25 6 7 12 30-39 25
9.კოლხეთი 25 4 7 14 22-46 19
10.შუქურა 25 2 6 17 23-63 12

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები