ლევან კობიაშვილი: „ჩვენი მიზანი 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა“ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლევან კობიაშვილი: „ჩვენი მიზანი 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა“


ლევან კობიაშვილი: „ჩვენი მიზანი 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა“

2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა.

კობიაშვილმა საფეხბურთო კარიერა ბერლინის ჰერტაში დაასრულა და გერმანიში ახლაც კარგად ახსოვთ. სწორედ ამიტომ დაუკავშირდა „ბერლინ ცაიტუნგი“ ფედერაციის პრეზიდენტს და ინტერვიუ სთხოვა.

_ რთულია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ტელეფონზე სასაუბროდ მოიხელთო.

_ ხშირად დავდივარ საქართველოს ერთი ქალაქიდან მეორეში, ასევე, უცხოეთშიც. მაგალითად, უეფას კონგრესზე. რა თქმა უნდა, ჩვენს ნაკრებსაც დავყვები. დრო ხშირად არ მაქვს.

_ 2 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც თქვენს ყოფილ თანაგუნდელ რევაზ არველაძეს არჩევნებში 18:15 მოუგეთ ხმების მიხედვით. რამდენად რთულია ახალ თანამდებობაზე მუშაობა?

_ თავიდან საკმაოდ რთული იყო. პრობლემები იყო და ახლაც არის. ბევრი იდეა მქონდა, მაგრამ თანხის მოზიდვა გაჭირდა, რათა ეს განმეხორციელებინა. ფედერაციაში კარგი გუნდი ვართ, სტრუქტურის შეცვლა შევძელით და უფრო ეფექტური გავხადეთ. 2 წლის განმავლობაში, საკმაოდ ბევრი გავაკეთეთ.

_ კონკრეტულად?

_ პირველ რიგში სამოყვარულო ფეხბურთი, სადაც დაახლოებით 8.000 კაცი თამაშობს. საამისოდ საკამოდ ძლიერი ლიგა შევქმენით. ფუტსალში აშკარა პროგრესია, ახალი ლიგა ჩამოყალიბდა და უკვე ძლიერი ეროვნული ნაკრებიც გვყავს. ქალთა ფეხბურთიც პროგრესირებს.

_ თუმცა ქვეყნის მთავარი ნაკრები წინ ვერ მიდის და ეროვნული ჩემპიონატიც ვერ არის ძლიერი. ხომ ასეა?

_ საქართველოს უმაღლეს ლიგაში 16 გუნდი გამოდიოდა და სათამაშო დონეში დიდი სხვაობა იყო. ახლა 10-გუნდიანი ლიგები გვაქვს, კონკურენცია გაიზარდა და ყველა გუნდი ბოლომდე იხარჯება თითოეულ მატჩში. ეს კი ხარისხსაც მატებს. 2 გუნდს ფლეი აუტში თამაში მოუწევს, ესეც ზრდის დაძაბულობას. ანუ, დონემ იმატა.

_ ახლა რომელი კლუბები არიან საუკეთესოები?

_ თბილისის დინამო და ქუთაისის ტორპედო.

_ გულშემატკივრების დასწრების მხრივ როგორ არის საქმე?

_ იშვიათად 10.000 ესწრება, ხოლო პატარა ქალაქებში _ 7-8.000. უკვე ნებისმიერი თამაშის ნახვა შესაძლებელი გახდა. ტელევიზიით ერთი მატჩია და ინტერნეტითაც ფართოდ შუქდება ჩემპიონატი.

_ მაგრამ ნაკრებს 2018 წლის მუნდიალზე გასვლის შანსი არ აქვს.

_ ჯგუფში, სადაც სერბეთი, ავსტრია, ირლანდია, უელსი და მოლდოვა გვყავდა, რთული მატჩები გვქონდა. რამდენიმე შეხვედრაში კარგად ვითამაშეთ და შედეგის მხრივაც, უელსსა და ავსტრიაში ფრეები ცუდი არაა. ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვჯობდით მეტოქეს. მჯერა, ნაკრებს მომავალი აქვს.

_ ანუ, ვლადიმირ ვაისის მუშაობით კმაყოფილი ხართ?

_ ბოლო წლებში ნაკრებში მწვრთნელები იცვლებოდნენ. ვაისი კარგად აკეთებს თავის საქმეს. მიზანი კი 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა.

_ ყველაზე დიდი პრობლემები რაში გაქვთ?

_ მეტი ფინანსებია საჭირო, რათა ჩვენი სტრუქტურები გავაუმჯობესოთ. სპონსორთაგან ინტერესი მატულობს და ვფიქრობ, სწორ გზას ვადგავართ.

_ პირადი კითხვა: სად ცხოვრობს თქვენი ოჯახი, რომელიც დიდხანს იყო ბერლინში?

_ მეუღლე და გოგონა სალომე ჩემთან ერთად თბილიში. ბიჭი ნიკა ლონდონში სწავლობს. ბერლინშიც გვაქვს სახლი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები