საქართველო D ჯგუფში ითამაშებს, უეფამ ერთა ლიგა დააკომპლექტა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

საქართველო D ჯგუფში ითამაშებს, უეფამ ერთა ლიგა დააკომპლექტა


საქართველო D ჯგუფში ითამაშებს, უეფამ ერთა ლიგა დააკომპლექტა
დასრულდა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ევროპაში და უეფას ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა საბოლოო ვერსია, თუ როგორ გადანაწილდნენ ეროვნული გუნდები ერთა ლიგაში. როგორც მოსალოდნელი იყო საქართველოს ნაკრები ყველაზე სუსტ, D ლიგაში ითამაშებს.

უეფას წევრი 55 ქვეყნის ნაკრებები ერთა ლიგაში მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასრულების შემდეგ, უეფას კოეფიციენტების შესაბამისად გადანაწილდნენ.

საქართველოს ნაკრებთან ერთად ჯგუფში მოხვდნენ: აზერბაიჯანი, მაკედონია, ბელარუსი, სომხეთი, ლატვია, ფარერის კუნძულები, ლუქსემბურგი, ყახაზეთი, მოლდოვა, ლიხტენშტეინი, მალტა, ანდორა, კოსოვო, სან მარინო, გიბრალტარი.

ეს ნაკრებები 4 ჯგუფში გადანაწილდებიან და თითოში 4-4 იასპარეზებს.

ჯგუფების გამარჯვებულები, რომლებიც ევრო-2020-ზე შესარჩევი ციკლიდან ვერ მოხვდებიან, მომავალი ევროპირველობის ერთ საგზურს ერთმანეთში გაითამაშებენ. ჯერ ნახევარფინალები შედგება, ხოლო შემდეგ ფინალი. ამასთან, ჯგუფებში გამარჯვებულები ერთი ლიგით დაწინაურდებიან და C ლიგაში აღზევდებიან.

ერთა ლიგის დანარჩენ ლიგებში გუნდები ასე გადანაწილდნენ:

A ლიგა: გერმანია, პორტუგალია, ბელგია, ესპანეთი, საფრანგეთი, ინგლისი, შვეიცარია, იტალია, პოლონეთი, ისლანდია, ხორვატია, ჰოლანდია;

აქ 12 ნაკრებია, რომელიც 4 ჯგუფში განაწილდებიან და 3-გუნდიანი იქნება. 2019 წლის ივნისში ჯგუფების გამარჯვებულები ერთა ლიგის პირველ ჩემპიონს პლეი-ოფის სისტემით (ნახევარფინალები, ფინალები, მატჩი მესამე ადგილისთვის) გაითამაშებენ. ოთხი გუნდი, რომელიც A ლიგაში ჯგუფებში ბოლო ადგილებს დაიკავებს, მომდევნო გათამაშებაში В ლიგაში გამოვა.

ის საუკეთესო 4 ნაკრები, რომლებიც ევრო-2020-ზე შესარჩევი ციკლიდან ვერ გავლენ, მომავალი ევროპირველობის ფინალური ეტაპის ერთ საგზურს გაითამაშებენ.

B ლიგა: ავსტრია, უელსი, რუსეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, შვედეთი, ირლანდია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ჩრდილოეთ ირლანდია, დანია, ჩეხეთი, თურქეთი;

აქაც 12 გუნდია და პრინციპი იგივე იქნება: ჯგუფების გამარჯვებულები მომდევნო გათამაშებაში А ლიგაში ითამაშებენ, ხოლო ოთხი გუნდი, რომელიც B ლიგაში ჯგუფებში ბოლო ადგილებს დაიკავებს, მომდევნო გათამაშებაში C ლიგაში გამოვა. ის საუკეთესო 4 ნაკრები, რომლებიც ევრო-2020-ზე შესარჩევი ციკლიდან ვერ გავლენ, მომავალი ევროპირველობის ფინალური ეტაპის ერთ საგზურს გაითამაშებენ.

C ლიგა: უნგრეთი, რუმინეთი, შოტლანდია, სლოვენია, საბერძნეთი, სერბეთი, ალბანეთი, ნორვეგია, მონტენეგრო, ისრაელი, ბულგარეთი, ფინეთუ, კვიპროსი, ესტონეთი, ლატვია;

აქ 15 გუნდია, ამიტომ ერთი ჯგუფი იქნება 3-გუნდიანი, ხოლო 3 ჯგუფში 4-4 ნაკრები ითამაშებს. ჯგუფების გამარჯვებულები მოდევნო გათამაშებაში B ლიგაში იასპარეზებენ, ხოლო 4 გუნდი, რომელიც C ლიგაში ჯგუფებში ბოლო ადგილებს დაიკავებს, მომდევნო გათამაშებაში D ლიგაში გამოვა. საუკეთესო 4 ნაკრები, რომლებიც ევრო-2020-ზე შესარჩევი ციკლიდან ვერ გავლენ, მომავალი ევროპირველობის ფინალური ეტაპის ერთ საგზურს გაითამაშებენ.

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა 2018 წლის 24 იანვარს ლოზანაში ჩატარდება. პირველი ტურის მატჩები 2018 წლის 6-8 სექტემბერს გაიმართება, მეორე _ 9-11 სექტემბერს, მესამე _ 11-13 სექტემბერს, მეოთხე _ 14-16 სექტემბერს, მეხუთე _ 15-17 სექტემბერს, ხოლო მეექვსე _ 18-20 სექტემბერს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთი და უკრაინა, ასევე, სომხეთი და აზერბაიჯანი ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან. ამის შანსი კი იყო, რადგან რუსეთი-უკრაინა B ლიგაში არიან, ხოლო სომხეთ-აზერბაიჯანი, ჩვენთან, D ლიგაში.

ერთა ლიგის ფინალური ეტაპის კენჭისყრა 2018 წლის დეკემბერში გაიმართება, ხოლო ფინალური სტადია 2019 წლის 5-9 ივნისსა.

ევრო-2020-ზე მოსახვედრი პლეი-ოფის მატჩების კენჭისყრა 2019 წლის 22 ნოემბერს გაიმართება, ხოლო პლეი-ოფები 2020 წლის 26-31 მარტს.

ევრო-2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპს ფინალური ეტაპისთვის ცვლილება არ შეეხება და ისევ 24 საგზური გათამაშდება.

სამაგიეროდ, შესარჩევი ციკლი სექტემბრის ნაცვლად, 2019 წლის მარტში დაიწყება. ავტომატურად ფინალურ სტადიაზე საგზურს ვერავინ მიიღებს, რადგან მომავალი ჩემპიონატი 13 ქვეყანაში გაიმართება.
შესარჩევ ციკლში 10 ჯგუფი იქნება _ თითოეულში 5 ან 6 ნაკრები. ჯგუფებში 1-2 ადგილზე გასული ნაკრებები ფინალურ სტადიაზე ავტომატურად გავლენ. ევრო-2020-ის მონაწილე 20 გუნდი სწორედ ასე გაირკვევა. კიდევ 4 საგზური უეფას ერთა ლიგის ჯგუფების 16 გამარჯვებულს (ოთხივე ლიგის ოთხივე ჯგუფების გამარჯვებული) შორის გათამაშდება.

თითოეულ ლიგაში გამარჯვებულის გამოსავლენად თითომატჩიანი ნახევარფინალები და ფინალი გაიმართება. ფინალების გამარჯვებულები ევრო-2020-ს საგზურებს მოიპოვებენ.

თუ ერთა ლიგის ჯგუფის გამარჯვებულმა შესარჩევ ციკლში ევროპის პირველობის საგზური უკვე მოიპოვა, მაშინ პლეი-ოფის საგზური ჯგუფის მომდევნო საუკეთესო ნაკრებს გადაეცემა.

თუ რომელიმე ლიგაში პლეი-ოფებისთვის საჭირო 4 გუნდი ვერ შეგროვდება, მაშინ ვაკანტურ ადგილებს ქვედა ლიგების ნაკრებები დაიკავებენ ერთა ლიგაში მათი საერთო რეიტინგის გათვალისწინებით.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები