ფილოსოფოსი და უმაღლესის დიპლომიანი სოკრატესი - ბრაზილიელი ჩე გევარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ფილოსოფოსი და უმაღლესის დიპლომიანი სოკრატესი - ბრაზილიელი ჩე გევარა


ფილოსოფოსი და უმაღლესის დიპლომიანი სოკრატესი - ბრაზილიელი ჩე გევარა
თუ ხარ ფეხბურთელი, არ არის აუცილებელი იყო გაუნათლებელი მილიონერი, რომელიც ერთ წინადადებას ვერ იძახის გამართულად. არ არის აუცილებელი გქონდეს ნაყიდი დიპლომი, თავისუფალ დროს მხოლოდ გართობაზე ფიქრობდე და შენი ცხოვრების საუნდრეკი უგემოვნო მუსიკა იყოს.

ფეხბურთის ვარვსკვლავების უმეტესობა ზუსტად ჯდება ამ დახასიათებებში. ბრაზილეირო სამპაიო დე სოუზა ვიეირა დე ოლივეირა-იგივე სოკრატესი ამ ყველაფრის სრული საწინააღმდეგო რამ იყო. ბრაზილიელმა გენიოსმა ფეხბურთის მოთამაშეზე არსებული ყველა სტერეოტიპი დაამსხვრია.

სოკრატესი 1982 წლის ბრწყინვალე ბრაზილიის ნაკრების კაპიტანი იყო. მართალია "სელესაომ" ის მუნდიალი ვერ მოიგო, თუმცა თავისი თამაშით ყველა ფეხბურთის გულშემატკივარს სამუდამოდ დაამახსოვრა თავი. "პენტაკამპეონების" გამოვარდნის შემდეგ, ტიროდა არა მხოლოდ ბრაზილია, არამედ ყველა სხვა დანარჩენიც.

ფილოსოფოსი და უმაღლესის დიპლომიანი სოკრატესი - ბრაზილიელი ჩე გევარა

"ფეხბურთი ხელოვნებაა, მოთამაშეები შედევრებს უნდა ქმნიდნენ მოედანზე. ვან გოგსა და დეგას რომ სცოდნოდათ მათი ნამუშევრების მსოფლიო აღიარების შესახებ, ისინი მათ არ შექმნიდნენ. მთავარია ხელოვნებისგან სიამოვნება მიიღო და არ იფიქრო ფინალურ შედეგზე," - იტყვის მოგვიანებით ბრაზილიელი.

მშობლებმა ბავშვობიდანვე ჩაუნერგეს სოკრატესს მეცნიერებისა და წიგნებისადმი სიყვარული. მამამისს რაიმუნდოს უნდოდა, რომ მისი შვილი თავისი არსებობით საზოგადოებას დახმარებოდა და პედიატრი გამოსულიყო. პატარა სამპაიო ფეხბურთმა გაიტაცა.

რაიმუნდო თვლიდა, რომ სპორტზე დროის დახარჯვა უაზრობა იყო და შვილს ბურთთან მიკარებაც კი აუკრძალა. სოკრატესი მამისგან მალულად ვარჯიშობდა და მოგვიანებით ოცნებაც აიხდინა, გახდა პროფესიონალი ფეხბურთელი. ამის მიუხედავად, შვილს არ უღალატია რაიმუნდოსთვის, რადგან მთელი თავისი კარიერა საზოგადოების დახმარებასა და გამოსწორებას დაუთმო.

"ფეხბურთელი არასდროს ამბობს უარს კარიერაზე, ეს თავად ფეხბურთი აქცევს მას ზურგს,"

ფილოსოფოსი და უმაღლესის დიპლომიანი სოკრატესი - ბრაზილიელი ჩე გევარა

სოკრატესი თავის პირველ გუნდში 11 წლის ასაკში მივიდა. მან უბრალოდ შანსის მოცემა სთხოვა მწვრთნელს. იგი ნახევარდაცვაში გაამწესეს და ძალიან მალე პირველი ფორმაც აჩუქეს. როდესაც ის 16-ის გახდა, "ბოტაფოგომ" მას პროფესიონალური კონტრაქტი შესთავაზა. სოკრატესი დათანხმდა, თუმცა ერთი პირობით, გუნდი არ შეუშლიდა მას ხელს სწავლაში.

ბრაზილიელი ღამით კითხულობდა მაკიაველის, პლატონის, კანტისა და ფრეიდის ნაშრომებს, დღისით კი სან-პაულუს შტატის ჩემპიონატში აწყობდა არნახულ სანახაობას. უმაღლესი განათლების მიღებისა და დიპლომის მოპოვების შემდეგ, სოკრატესი "კორინთიანსში" გადავიდა, სადაც მოგვიანებით ნამდვილი მითიური გმირი გახდა.

"თანაგუნდელებსა და მეგობრებს ძალიან კარგად ესმოდათ ჩემი. სწორედ მათი დამსახურებით გადავიტანე წარმატებულად სწავლასა და ვარჯიშში გატარებული ურთულესი 5 წელი."

ფილოსოფოსი და უმაღლესის დიპლომიანი სოკრატესი - ბრაზილიელი ჩე გევარა

ტრანსფერი შედგა მაშინ, როდესაც ფეხბურთელი-ექიმი უკვე 24 წლის იყო. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს სოკრატესი უკვე ალკოჰოლითა და თამბაქოთი იყო გატაცებული მას მაინც არ ჰყავდა ბადალი მოედანზე. ის დამცავების გარეშე თამაშობდა, ქუსლით შესრულებული ბრმა პასები სწორედ მისი გამოგონება არის და არა რონალდინიოსი, სოკრატესის პენალტის შესრულების საფირმო მანერას გამორბენის გარეშე კი დღესაც ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს.



1978-დან 1984 წლამდე ბრაზილიელმა "კორინთიანსში" 297 მატჩი ჩაატარა და გაიტანა 172 გოლი, ნახევარმცველისთვის ნამდვილად ფენომენალური შედეგია. რაც შეეხება ნაკრებში თამაშს, იქ სოკრატესმა ზიკოსა და ფალკაოსთან ერთად ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი ტრიო შექმნა.

ფილოსოფოსი და უმაღლესის დიპლომიანი სოკრატესი - ბრაზილიელი ჩე გევარა

სამპაიოს სხვებისგან განმასხვავებელი მთავარი თვისება ის იყო, რომ მას საკუთარი აზრის საჯაროდ გამოთქმის არასდროს ეშინოდა. სოკრატესს სძულდა ბრაზილიაში არსებული პოლიტიკური რეჟიმი, კერძოდ კი სამხედრო დიქტატურა. მთავრობის კრიტიკის მიუხედავად, ის ხელშეუხებელი ფიგურა იყო, რადგან სახალხო გმირის სტატუსი ჰქონდა.

ფეხბურთელი-ექიმი ბევრს საუბრობდა დემოკრატიულ ფასეულობებზე, დადიოდა მიტინგებზე, იყოლიებდა ხალხს. სოკრატესმა მოუშვა თმა და წვერი იმისთვის, რომ ჩე გევარას დამგვანებოდა. ამავდროულად მან "კორინთიანსი" ნამდვილ დაპირისპირების ძალად აქცია, თუ ვინმეს ამ კლუბის ფერები ეცვა, ესე იგი ქვეყანაში არსებული რეჟიმით იყო უკმაყოფილო.

1982-წლის მუნდიალიდან გამოვარდნის შემდეგ, სოკრატესმა კიდევ ორი სეზონი დაჰყო "სახალხო გუნდში" , რის მერეც 30 წლის ასაკში ერთი სეზონით იტალიურ სერია ა-ში მოსინჯა ძალები და "ფიორენტინას" შეუერთდა.

ფეხბურთელი-ექიმი 35-ის იყო, როდესაც კარიერა დაასრულა. ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების შემდეგ, სოკრატესი საქმით დაკავდა. ბრაზილიელმა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მოიპოვა და ფეხბურთელობაში ნაშოვნი ფულით საკუთარი კლინიკა გახსნა.

ფილოსოფოსი და უმაღლესის დიპლომიანი სოკრატესი - ბრაზილიელი ჩე გევარა

"მხოლოდ სამი ცოდვაა ჩემს კისერზე, ქალები, სიგარეტი და სასმელი. თუ კიდევ სხვა რამ გამიტაცებს, მაშინ ერთ-ერთ მათგანს აუცილებლად ამოვიღებ ცხოვრებიდან," - სოკრატესის ალბათ ყველაზე ცნობილი ფრაზა.

როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ფეხბურთელმა, რომელმაც დაამარცხა სამხედრო რეჟიმი, ვერ დაძლია ალკოჰოლიზმი. მაღალმა გრადუსმა სოკრატესი 57 წლის ასაკში მოკლა. იმ დღეს "კორინთიანსმა" მე-5 ჩემპიონობა გაიფორმა თავის ისტორიაში. ფეხბურთელები ზეიმობდნენ მოპოვებულ ტიტულს, რომელსაც ზეცაში აწეული ხელებით თავიანთ ლეგენდას უძღვნიდნენ.

ფილოსოფოსი და უმაღლესის დიპლომიანი სოკრატესი - ბრაზილიელი ჩე გევარა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები