ლეგენდარული ბრაზილიელი, რომელიც ცოლმა, კოკაინმა და კაზინომ დაღუპა - მარიო ჟარდელი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლეგენდარული ბრაზილიელი, რომელიც ცოლმა, კოკაინმა და კაზინომ დაღუპა - მარიო ჟარდელი


ლეგენდარული ბრაზილიელი, რომელიც ცოლმა, კოკაინმა და კაზინომ დაღუპა - მარიო ჟარდელი
ბრაზილიას ყოველთვის ჰყავდა უმაღლესი დონის ოსტატები, რომლებიც აზანზარებდნენ ევროპასა და მთელ მსოფლიოს. მიუხედავად ამისა, ოქროს ბუცი მოგებული აქვს "სელესაოს" მხოლოდ ორ წარმომადგენელს. ერთი იყო რონალდო, მეორე კი მარიო ჟარდელი.

აღსანიშნავია ისიც, რომ "ფენომენი" მხოლოდ ერთხელ გახდა ევროპის საუკეთესო ბომბარდირი, ბრაზილიელმა "სუპერმარიომ" კი ეს მიღწევა ორჯერ გაიმეორა. ჟარდელს ყველა წინაპირობა ჰქონდა იმისთვის, რომ გამხდარიყო "კიჭას" პირდაპირი კონკურენტი ნაკრებში, რომ არა ის დაწყევლილი გზა, რომელიც მოგვიანებით "ინტერელი" ადრიანოს მსგავსად, მარიომაც გაიარა.

ჟარდელის პირველ კლუბად "ფეროვიარიო" გვევლინება, რომელშიც ახალგაზრდა ბრაზილიელი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე იყო. მარიომ მალევე მიიპყრო ადგილობრივი გრანდების ყურადღება და უკვე 18 წლის ასაკში "ვასკო და გამასთან" გააფორმა კონტრაქტი. ჟარდელი 3-ჯერ გახდა რიო-დე-ჟანეიროს შტატის ჩემპიონი, რის შემდეგაც "გრემიოში" გადავიდა. "შავ-ლურჯებთან" ერთად მარიომ პირველი სერიოზული ტურნირი მოიგო-ლიბერტადორესის თასი, თან ისე, რომ გათამაშების საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

ლეგენდარული ბრაზილიელი, რომელიც ცოლმა, კოკაინმა და კაზინომ დაღუპა - მარიო ჟარდელი

ამის შემდეგ წამოვიდა შემოთავაზებები ევროპიდან. გრანდები ჯერ არ ჩქარობდნენ, აი "ბენფიკამ", "პორტომ" და "რეინჯერსმა" კი ნამდვილი ომი მოაწყვეს ბრაზილიელის გამო. "არწივები" სატრანსფერო დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ, შოტლანდიურმა კლუბმა კი ლეგიონერებზე არსებული ლიმიტის გამო ვერ გაიფორმა იგი და საბოლოოდ ჟარდელი "დრაკონებმა" იყიდეს.

თავდაპირველად მარიოს ზლატკო ზაჰოვიჩის დუბლიორად მოიაზრებდნენ, თუმცა ბრაზილიელი იმდენად შთამბეჭდავად თამაშობდა, რომ ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდა. ჟარდელის მთავარი კოზირი იყო უბადლო თავური დარტყმა, შესაშური გოლის ალღო და ბრწყინვალე ფიზიკური ფორმა.

ლეგენდარული ბრაზილიელი, რომელიც ცოლმა, კოკაინმა და კაზინომ დაღუპა - მარიო ჟარდელი

"პორტოში" გატარებულ 4 სეზონში მარიო 3-ჯერ გახდა პორტუგალიის ჩემპიონი, 2-ჯერ დაეუფლა ქვეყნის თასს და ერთხელაც სუპერთასს. ჟარდელი 4-ვე ჯერ გახდა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. საერთო ჯამში მან "დრაკონების" შემადგენლობაში 125 მატჩში 130 გოლის გატანა მოახერხა, მართლაც რომ ფანტასტიური შედეგია. 1998-1999 წლის სეზონში ჟარდელმა 36 ბურთი შეაგდო და დაეუფლა კარიერაში პირველ ოქროს ბუცს.

ლეგენდარული ბრაზილიელი, რომელიც ცოლმა, კოკაინმა და კაზინომ დაღუპა - მარიო ჟარდელი

2000 წელს აგენტების დაუდევრობის გამო ბრაზილიელი არა ტოპ-კლუბში, არამედ "გალათასარაიში" აღმოჩნდა. თურქებს ეს ფუფუნება 20 მილიონი დოლარი დაუჯდათ.

დებიუტი სტამბულურ კლუბში ზღაპრული გამოდგა, ჟარდელმა პირველივე თამაშში გაიტანა 5 გოლი და მალევე გახდა ქომაგების ფავორიტი ფეხბურთელი, ისე, რომ გუნდის ლეგენდა გეორგე ჰაჯიც კი დაჩრდილა. ამის შემდეგ ბრაზილიელმა "რეალის" კარში შესრულებული დუბლით "გალათასარაის" ევროპის სუპერთასიც მოაგებინა.



იმ სეზონშივე ჟარდელმა თურქული კლუბი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გაიყვანა, სადაც ორი მატჩის ჯამში ამჯერად უკვე "ბლანკოსმა იმარჯვა (3:2,0:3). ბრაზილიელმა ლიგაზე 6 გოლი გაიტანა, საუკეთესო ბომბარდირ რაულს კი მხოლოდ ერთი ბურთით ჩამორჩა. საერთო ჯამში მარიომ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 25 გოლის გატანა მოახერხა. ცნობისთვის, ბრაზილიელებიდან მასზე მეტი მხოლოდ კაკასა (30 გოლი) და რივალდოს (27 გოლი) აქვთ შეგდებული.

ლეგენდარული ბრაზილიელი, რომელიც ცოლმა, კოკაინმა და კაზინომ დაღუპა - მარიო ჟარდელი

სამწუხაროდ თურქეთში ჟარდელს ნელ-ნელა პრობლემები დაეწყო. მან დაითხოვა თავისი აგენტი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ჯიბის გასქელებაზე ფიქრობდა. მთავარი ტრაგედია კი მარიოს პირად ცხოვრებაში მოუვიდა. იგი მიატოვა ცოლმა მოდელმა კარენ რიბეირომ. ჟარდელი მეუღლის დაკარგვას ძალიან განიცდიდა, მას დაეწყო ღრმა დეპრესია, რომლიდანაც თავის დასაღწევად ის ყველა ხერხს მიმართავდა.

"ცოლთან განშორება ჩემთვის უმძიმესი დარტყმა იყო. ცხოვრების ხალისი დაკარგული მქონდა და ყველაფერზე წამსვლელი ვიყავი იმისთვის, რომ ეს უბედურება დამევიწყებინა. აზარტულმა თამაშებმა გამიტაცა ისე, რომ მთელ ჩემს ხელფასს კაზინოში ვტოვებდი და როდესაც უკვე ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს კოკაინზეც კი არ ვამბობდი უარს, " - გამოტყდება მოგვიანებით ბრაზილიელი.

ლეგენდარული ბრაზილიელი, რომელიც ცოლმა, კოკაინმა და კაზინომ დაღუპა - მარიო ჟარდელი

ცხოვრების სტიმულის გასაღვიძებლად ჟარდელი თურქეთიდან დაბრუნდა იქ, სადაც მას აღმერთებდნენ, პორტუგალიაში, მაგრამ ამჯერად უკვე ლისაბონის "სპორტინგში." აღსანიშნავია, რომ "ლომების" რიგებში "სუპერმარიომ" მოახერხა კარიერის რეანიმირება. სადებიუტო სეზონში მან კვლავ მოიგო ყველა ტიტული პორტუგალიაში, კვლავ გახდა ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორი და 30 მატჩში გატანილი 42 გოლით მეორედ დაეუფლა ევროპის ოქროს ბუცს. აღსანიშნავია, რომ იმ დროს "სპორტინგში" ნელ-ნელა ფეხს იკიდებდნენ ახალგაზრდა კრიშტიანუ რონალდუ და რიკარდო კუარეშმა.

ლეგენდარული ბრაზილიელი, რომელიც ცოლმა, კოკაინმა და კაზინომ დაღუპა - მარიო ჟარდელი

სამწუხაროდ ზღაპარმა მხოლოდ ერთი წელი გასტანა. მეორე ლისაბონურ სეზონში ჟარდელის ცხოვრებაში კვლავ იჩინა თავი აზარტული თამაშებისა და ნარკოტიკებისადმი მიდრეკილებამ. "სპორტინგმა" თავისი გოლეადორი მისთვის მშობლიურ "ფორტალეზაში" გაანათხოვრა იმის იმედით, რომ სახლის ატმოსფერო დადებითად იმოქმედებდა მასზე, თუმცა მარიომ არც ბრაზილიაში მოიკლო აკრძალული ხილით გართობა.

მეტიც, ერთხელ ჟარდელი გაბრუებულ მდგომარეობაში საკუთარ აუზში ნებივრობის დროს მოსრიალდა და ისე დაეცა, რომ ფეხი სერიოზულად დაიზიანა. "სპორტინგში" კი ნდობის ლიმიტი უკვე ამოწურული ჰქონდათ და ჟარდელთან კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილებაც დამდგარი იყო დღის წესრიგში.

ლისაბონური კლუბის შემდეგ ბრაზილიელმა 8 წელიწადში 15 გუნდი გამოიცვალა (მათ შორის იყო თემურ ქეცბაიას "ანორთოსისი"), თუმცა ძველებურად ათამაშება ვერსად შეძლო. 2011 წელს კი ტრაგიკული ზღაპარი საბოლოოდ დასრულდა, ჟარდელმა ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა, თუმცა იმ დროს ის უკვე აღარავის ახსოვდა და შესაბამისად მის წასვლას არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია არავისგან.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები