ბუფონის 10 იმედგაცრუება კარიერაში » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბუფონის 10 იმედგაცრუება კარიერაში


ბუფონის 10 იმედგაცრუება კარიერაში
ჯანლუიჯი ბუფონი-უდიდესი მეკარე, როგორც თანამედროვეობაში, ისე მთლიან ფეხბურთის ისტორიაში. ჯიჯიმ უამრავი გუნდური და პირადი ჯილდო მოიგო. ის კარიერის უკანასკნელ პერიოდს დამსახურებული ლეგენდის სტატუსით ატარებს. სამწუხაროდ, წარუმატებლობები და იმდეგაცრუებები ესეთი სახელოვანი ფეხბურთელის კარიერაშიც მრავლად იყო. სულ ცოტა ხნის წინ, ბუფონი ვერ მოხვდა თავის უკანასკნელ მუნდიალზე. დიდი ალბათობით, მის სანაკრებო კარიერაში ეს იქნება ბოლო აკორდი, რის შემდეგაც, ლეგენდარული კიპერი გზას დონარუმას დაუთმობს. გავიხსენოთ ბუფონის განვლილი დიდი გზის სხვა სამწუხარო მომენტები.

10. ევრო 2000-ის გამოტოვება ტრავმის გამო

ბუფონის 10 იმედგაცრუება კარიერაში

ბელგია-ჰოლანდიაში გამართული ევროპის ჩემპიონატი ბუფონისთვის პირველი ტურნირი უნდა ყოფილიყო ნაკრების ძირითადი მეკარის რანგში. ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ნორვეგიასთან გამართულ ამხანაგურ მატჩში ჯიჯიმ ხელი მოიტეხა, რის გამოც კონტინენტის პირველობის გამოტოვება მოუწია. მისი ადგილი კი ფრანჩესკო ტოლდომ დაიკავა. იტალია ფინალამდე მივიდა, სადაც მსოფლიო ჩემპიონ საფრანგეთთან დამარცხდა.

9. კორეა-იაპონიაში უსამართლოდ დაჩაგრული იტალია

2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე "სკუადრა აძურა" ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა. ბუფონის ოცნებები მსაჯმა ბაირონ მორენომ დაამსხვრია 1/16 ფინალში. ეკვადორელმა რეფერიმ იტალია-სამხრეთ კორეის მატჩის დროს სასწაულები აკეთა. თავდაპირველად მორენომ საეჭვო პენალტი დანიშნა "აძურის" კარში, რომელიც ბუფონმა მოიგერია. შემდეგ, არ ჩათვალა დამიანო ტომაზის 100%-იანი გოლი, ბოლოს კი ფრანჩესკო ტოტი გააძევა მოედნიდან. საბოლოოდ ის მატჩი იტალიამ 1:2 წააგო დამატებით დროში. აღსანიშნავია, რომ 2010 წელს მორენო ნიუ-იორკის აეროპორტში იქნა დაკავებული. მას 6 კგ ჰეროინის წამოღება სურდა ამერიკიდან.

გოლი, რომლის გამოც იტალია მუნდიალს დაემშვიდობა


8. პირველი წაგებული ჩემპიონთა ლიგის ფინალი

2003 წლის ჩემპიონთა ლიგა იტალიური გუნდების დომინირებით წარიმართა. 1/2 ფინალში 3 აპენინური გუნდი იყო ("მილანი", "იუვენტუსი", "ინტერი"). საბოლოოდ ფინალი კი "ბებერმა ქალბატონმა" და "როსონერიმ" გაითამაშეს. ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი "მილანმა" იმარჯვა. ეს იყო ბუფონის პირველი წაგებული ფინალი.

შევჩენკოს პენალტი ბუფონს


7. "კალჩოპოლი" და სერია ბ-ში გატარებული ერთი სეზონი

ბუფონის 10 იმედგაცრუება კარიერაში

2006 წელს სერია ა-ში ყველასთვის კარგად ნაცნობმა "კალჩოპოლმა" იფეთქა, რომლის სავალალო შედეგებისგან იტალიური ფეხბურთი ჯერ კიდევ არ გამოსულა. მატჩების ჩაწყობის გამო "იუვენტუსს" ორი სკუდეტო ჩამოართვეს და სერია ბ-ში დააქვეითეს. გუნდი ბევრმა ვარსკვლავმა დატოვა (კანავარო, ტურამი, ძამბროტა, იბრაჰიმოვიჩი, ვიეირა, ემერსონი). ბუფონმა კი ურთულესი გადაწყვეტილება მიიღო და "იუვეს" ქვედა დივიზიონში გაყვა, საიდანაც ერთი სეზონის შემდეგ თავი დააღწია და ახალ "ბიანკონერისთან" ერთად უმაღლეს მწვერვალებზე ასვლა დაიწყო.

6. ფიასკო სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე

ბუფონის 10 იმედგაცრუება კარიერაში

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბუფონი მხოლოდ პირველ თამაშში გამოვიდა მოედანზე. შესვენების შემდეგ, ჯიჯის ადგილი ფედერიკო მარკეტიმ დაიკავა, რადგან კაპიტანმა ტრავმა მიიღო. "ლაციოს" კიპერმა, ისევე როგორც მთლიანმა გუნდმა დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა, იტალია 2 ქულით ბოლო ადგილზე გავიდა ჯგუფში.

5. ესპანეთთან განადგურება ევრო 2012-ის ფინალში

"სკუადრა აძურამ" ძალიან კარგად ჩაატარა იმ ტურნირის ყველა მატჩი, ფინალის გარდა. იტალიამ ჯგუფში ჩატოვა ხორვატია და ირლანდია, პლეი-ოფებში კი ინგლისი და გერმანია დაამარცხა. "აძურის" ბოლო მეტოქე შეუჩერებელი ესპანეთი იყო, რომელიც მსოფლიოსა და მოქმედი ევროპის ჩემპიონის რანგში იყო. "ფურია როხა" სასტიკად გაუსწორდა იტალიას, ესპანელებმა ბუფონის კარში 4 უპასუხო გოლი გაიტანეს.

ხორდი ალბას გოლი იტალიას


4. ფიასკო ბრაზილიის მუნდიალზე

ბუფონის 10 იმედგაცრუება კარიერაში

იტალიამ კარგად დაიწყო 2014 წლის მსოფლიო პირველობაზე ასპარეზობა. "სკუადრა აძურამ" პირველ მატჩში ინგლისი დაამარცხა და ჯგუფის ფავორიტის სტატუსი განამტკიცა. შემდეგ იყო მოულოდნელი მარცხი კოსტა-რიკასთან, ბოლოს კი იმედგაცრუება ურუგვაისთან. იტალიამ საბოლოოდ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, ბუფონი კი სახლში დაბრუნდა.

3. მეორედ წაგებული ჩემპიონთა ლიგის ფინალი

ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში "რეალის" დამარცხების შემდეგ, ბუფონს გაუჩნდა იმის იმედი, რომ კარიერაში სანატრელ პირველ ჩემპიონთა ლიგის თასს აწევდა. ვეტერან კიპერს ფინალში "ბარსელონამ" შეუშალა ხელი, რომელიც იმ წელს ბრწყინავდა. "ბლაუგრანამ" 3:1 მოუგო "იუვეს", რის გამოც ჯიჯი კვლავ ვერცხლს დასჯერდა.

ნეიმარის გოლი "იუვენტუსის" კარში


2. მესამედ წაგებული ჩემპიონთა ლიგის ფინალი

ორი სეზონის შემდეგ, ბუფონს კვლავ ჰქონდა ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი. დაუძლეველი ბარიერი ამჯერად "რეალი" აღმოჩნდა, რომელმაც ისტორიული შედეგი დადო და მეორედ ზედიზედ მოიგო ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი. "იუვენტუსმა" მანჯუკიჩის ულამაზესი გოლით ანგარიში გახსნა, თუმცა შემდეგ ვეტერან ლეგენდას 4-ჯერ მოუწია ბურთის კარებიდან გამოტანა. საბოლოოდ კი 1:4 და კარიერაში მესამე წაგებული ფინალი.

კრიშტიანუ რონალდუს გოლი "იუვენტუსის" კარში.


1. რუსეთის მუნდიალზე ვერ მოხვედრა

ბუფონის 10 იმედგაცრუება კარიერაში

ვერავინ წარმოიდგენდა თუ მთავარი იმედგაცრუება ბუფონს კარიერის ბოლოს ელოდა. აქამდე ვეტერანი ლეგენდა წაგებულ ფინალებს მისტიროდა, ახლა კი არც მეტი არც ნაკლები მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვედრაზეა საუბარი. იტალიამ საშინლად ჩაატარა შესარჩევი ციკლი, რომლის ბოლო ლურსმანი კუბოში შვედეთთან წაგებული პლეი-ოფი გამოდგა. ბუფონი და "სკუადრა აძურა" მუნდიალის მიღმა დარჩნენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები