გზებს არსად მივყავართ - რატომ ჩაქრა ჰენრიხ მხითარიანი უიმედოდ? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გზებს არსად მივყავართ - რატომ ჩაქრა ჰენრიხ მხითარიანი უიმედოდ?


გზებს არსად მივყავართ - რატომ ჩაქრა ჰენრიხ მხითარიანი უიმედოდ?
გიგანტ ფეხბურთელთაგან ბევრს დამწყვეტ მატჩებში „აორთქლებისკენ“ აქვს მიდრეკილება. ეს მეძავის უძველესი პროფესიის დაავადებაა და სამწუხაროდ, გადაჭრის ზუსტი ალგორითმი არ არსებობს. თამაშში იმპოტენცია და აჩრდილად ტრანსფორმაცია შეიძლება მესუთ ოზილებში გავზომოთ. ეს შკალაა ყველაზე შესაფერისი - გერმანელი სხვებზე უკეთ იხდენს უჩინარის მანტიას და მინდორზე მთელი 90 წუთის განმავლობაში სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ეტყობა.

ჰენრიხ მხითარიანს 10 მესუთ ოზილიდან თავისუფლად დაუწერდი 8-ს. სომეხი უკვე 2 თვეზე მეტია, საგოლე გადაცემებს არ აკეთებს. ამავე დროში პოლ პოგბამ ტრავმის მიღება, საავადმყოფოში წოლა, უკან დაბრუნება და პირველივე თამაშში გოლისა და პასის ჩაწოდება მოასწრო. მიკი კი უბრალოდ ჩუმადაა. არ იძლევა სკანდალურ ინტერვიუებს „დავბრუნდები და ყველას გავანადგურებო“, თავს არ იტვირთავს ვარჯიშისას და ამაოდ კარგავს წუთებს. გულშემატკივრები მხითარიანის ჯვარზე გაკვრას ითხოვენ, შედეგებს კი ჯეიმი კარაგერი აჯამებს: „როცა ჰენრიხი მინდორზეა, „ემიუ“ 10 კაცით თამაშობს“.

გასულ ზაფხულს მოურინიომ ჰენრიხში სოლიდური ინვესტიცია ჩადო და გულწრფელად სჯეროდა, რომ ის „იუნაიტედის“ საფეხბურთო ორგანიზმს შეერწყმებოდა. 1 წლის შემდეგ ნათელი გახდა, რომ მნიშვნელოვანია არა ტრანსფერები და ხელფასი, არამედ მათ უკან მდგარი პირები. და ამაშია მხითარიანის მთავარი პრობლემა.

მას შეუძლია შთამბეჭდავი გოლების გატანა და არაფრისგან ასისტების შექმნა, მაგრამ თუ გუნდი დაუძლურდება, ჰენრიხი წინამძღოლად ვერ გამოდგება. ჰენრიხი განწყობის ადამიანია. მის ფსიქოლოგიაზე შესაძლოა იმოქმედოს უამინდობამ და მანდარინის მოუსავლიანობამ ერევანში. მის ირგვლივ არ არსებობს აქტიური ინფორმაციული ველი და ბირთვული ინსაიდები. მან პირველ სამ თამაშში ამოწურა ასისტების მარაგი და დაუძლურდა. ახლა მისგან ბირთვულ პერფორმანსებს არ ელიან - მიკის ყველაზე ერთგული ფანებიც კი იძულებულნი არიან, ობიექტურობისა და სიმართლის მხარეს გადავიდნენ.

გზებს არსად მივყავართ - რატომ ჩაქრა ჰენრიხ მხითარიანი უიმედოდ?

ჟოზეს ის მამაკაცები სჭირდება, რომლებიც ბანკს ძარცვავენ და ტესტოსტერონს გამოიმუშავებენ. ეგოისტები და ნაძირლები, საძაგლები და პროვოკატორები, ქილერები და ერთი არასისტემური გენია, რომლისთვისაც არანაირი ჩარჩო არ იარსებებს. უკანასკნელის როლი უკვე დაკავებულია, ყველა დანარჩენი კი მხითარიანის საქმე უბრალოდ არ არის. ის კეთილი და ალალია, ამიტომაც მოსაწყენი და ნაცრისფერია. ნახევარმცველს უბრალოდ არ შეუძლია ჟოზესთან მუშაობა. პორტუგალიელს ფეხებზე ჰკიდია, კარგი ადამიანი ხარ თუ ცუდი - მინდორზე პიროვნულ თვისებებს მნიშვნელობა არ აქვს.

დორტმუნდში ყველაზე ნაყოფიერი სეზონი ჰენრიხს შეტევის ფლანგზე თამაშისას ჰქონდა - საიდანაც 30-ზე მეტ ასისტს ასრულებდა. ფეხბურთელი ვერადავერ შეეგუა ვერც „იუნაიტედს“ და ვერც ინგლისს და მოურინიოს ფეხბურთი მისთვის უცხოდ დარჩა.
მხითარიანს ოჯახური ატმოსფერო და მამასავით მწვრთნელი სჭირდება. ადამიანი, რომელიც დამარცხების შემდეგ არ ეტყვის: „ეს ფიასკოა, ძმაო“. სწორედ ამიტომ სომეხი ან დორტმუნდში უნდა დარჩენილიყო, ან კლოპს გაჰყოლოდა „ლივერპულში“. მოურინიოსთან კავშირით მან თავი კრიტიკისა და მწვრთნელისგან უხეშობისთვის გასწირა.

ჰენრიხმა ნამდვილად აიხდინა ოცნება, გააკეთა ის, რაზეც მილიონობით ადამიანი ოცნებობს და მისი ქვეყნის ყველაზე წარმატებული ფეხბურთელი გახდა. მაგრამ ერთი ოცნების რეალიზაციამ აუცილებლად მოტივაცია უნდა მოგცეს და ახალი მწვრვალებისკენ გიბიძგოს, მიკი კი უბრალოდ ჩაქრა. მის გულში არ გიზგიზებს სატანური ცეცხლი, 70-ათასიანი „ოცნების თეატრი“ კი მისი ცხოვრების მთავარი სცენა ვერადავერ გახდა.

იანვარში მხითარიანი 29 წლის ხდება. დასაკარგი დრო არაა - სომეხს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებას მიღება მოუწევს. ის ან „იუნაიტედში“ კარიერას „გააცოცხლებს“ ან გერმანიაში დაბრუნდება. „სიგნალ იდუნა პარკზე“ ჰენრიხი უყვართ და ელოდებიან. ბუნდესლიგა და „ბორუსია“ მარცხისა თუ წარუმატებლობისადმი უფრო ლოიალურები არიან, კლუბის ამბიციები კი ფეხბურთელის პრიორიტეტებს შეესაბამება. შავ-ყვითლები გაპატიებენ ჩემპიონობის ხელიდან გაშვებას და 2-3 მატჩის ჩაგდებას.

„დორტმუნდის“ ვარიანტი ნაბოდვარი და ავადმყოფური ფანტაზია არ არის - ყოფილი კლუბი ნამდვილადაა დაინტერესებული ფეხბურთელის დაბრუნებით. „ბორუსიამ“ იცის, როგორ დაიბრუნოს ძველი ლიდერები, რომლებიც ტოპ-კლუბებს უნიჭოდ შეერივნენ. სინძი კაგავას სომეხმა კოსპლეიმ იაპონელის მანჩესტერული გზა გაიმეორა. ამის დასასრულებლად ცოტა დარჩა - ბუნდესლიგაში უნდა დაბრუნდეს და ზრდაზე აღარასდროს იფიქროს.

მიხვეულ-მოხვეული გზები შეიკრა, მაგრამ არსად მივყავართ? ჰენრიხ, სახლში დაბრუნების დრო მოვიდა.

მომზადებულია სპეციალურად GOAL.GE-სთვის

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები