მესის შემდეგ რონალდუც - პსჟ ტურინში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება
"პსჟ" "იუვენტუსის" თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს შეძენის შესაძლებლობას განიხილავს, წერენ ფრანგულ პრესაში.
გავრცელებული ინფორმაციით, პარიზული კლუბის პრეზიდენტს, ნასერ ალ-ხელაიფი შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით პორტუგალიელს რეგულარულად ესაუბრება.
არსებული ცნობით, 36 წლის სუპერვარსკვლავი ზაფხულში შეიძლება "ბიანკონერის" რიგებიდან წავიდეს. "პსჟ"-ში სიტუაციას აკვირდებიან და მზად არიან ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ჩაერთონ.
რონალდუსთვის პარიზული კლუბი შეიძლება შესაფერისი ვარიანტი აღმოჩნდეს იქამდე, სანამ კარიერას შედარებით სუსტ ჩემპიონატში დაასრულებს.
გარდა ამისა, ცნობილია "პსჟ"-ს მხრიდან "ბარსელონას" კაპიტან ლიონელ მესისადმი ინტერესზეც. ერთ-ერთი მათგანის ტრანსფერის ალბათობა კილიან მბაპეს მომავალზე იქნება დამოკიდებული. თუ ფრანგი 2022 წლის შემდეგ პარიზში დარჩენას გადაწყვეტს, როცა კონტრაქტი ეწურება, მაშინ საეჭვოა კლუბმა მსოფლიო ფეხბურთის რომელიმე ვარსკვლავის ხელში ჩაგდება მოახერხოს.
რონალდუმ მიმდინარე სეზონში "იუვენტუსის" მაისურით 32 მატჩი ჩაატარა, 27 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ასევე იხილეთ: