VIDEO: რაიოლასა და ჰოლანდის მამის კატალონიაში ჩაფრენის ვიდეოკადრები
მოგეხსენებათ, "დორტმუნდის" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის აგენტი, მინო რაიოლა და 20 წლის ნორვეგიელის მამა, ალფ-ინგე ბარსელონაში ჩავიდნენ.
ისინი კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდნენ ელ პრატის აეროპორტში (კადრებს გავლენიანი ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo ავრცელებს). ჟურნალისტებმა ჰოლანდის წარმომადგენლებს აეროპორტის შენობიდან გამოსვლის დროს გადაუღეს, საიდანაც "ბლაუგრანას" პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას უსაფრთხოების სამსახურის პირადმა თანამშრომელმა და მძღოლმა წაიყვანეს.
როგორც აღინიშნება, ჰოლანდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის "ბარსელონას" მთავარი სამიზნეა.
აქამდე გავრცელებული ცნობით, ერლინგით აქტიურად ინტერესდებიან "რეალი" და "მანჩესტერ სიტიც".
გერმანულ კლუბთან ახალგაზრდა ფორვარდს მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის ზაფხულში ეწურება Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ღირებულება 110 მილიონ ევროს შეადგენს. არსებული ინფორმაციით, "დორტმუნდი" მზადაა თავისი ლიდერი 150 მილიონად გაუშვას.
მიმდინარე სეზონში ჰოლანდმა გერმანიის ჩემპიონატში 21 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ასევე იხილეთ:
BREAKING! რაიოლა და ჰოლანდის მამა ბარსელონადან მადრიდში ჩაფრინდნენ