"რუსეთის მეორე ლიგა საქართველოს ჩემპიონატზე მაღალი ხარისხისაა" - ინტერვიუ ბექა ქავთარაძესთან
რუსეთის მეორე ლიგაში "ნიჟნი ნოვგოროდი" "სპარტაკი 2"-ს დაუპირისპირდა და 5:1 დაამარცხა.
მასპინძელთა მხრიდან თავი ბექა ქავთარაძემაც გამოიჩინა, რომელმაც ამ სეზონში მე-3 გოლი გაიტანა.
GOAL.GE ქავთარაძეს რუსეთში დაუკავშირდა და რამდენიმე საკითხზე ესაუბრა.
მოსკოვის "სპარტაკი 2"-თან დიდი ანგარიშით მოიგეთ, რაშიც წვლილი შეიტანე და გოლი გაიტანე...
ვიცოდით, რომ იოლი თამაში არ იქნებოდა და ასეც იყო. პირველი ტაიმში მეტოქემ კარგად ითამაშა, შემდეგ კი 10 კაცით დარჩნენ, უპირატესობა მოვიპოვეთ და ეს უპირატესობა გოლებად ვაქციეთ. მოხარული ვარ, რომ ამ გამარჯვებაში წვლილი მეც შევიტანე.
შეძლებს "ნიჟნი ნოვგოროდი" რუსეთის პრემიერ ლიგაში გადასვლას?
ამასთან ძალიან ახლოს ვართ. ჯერ არ ვიცით, ვინ იქნება ჩვენი მეტოქე ფლეი-ოფში, თუმცა შანსი ნებისმიერ გუნდთან გვაქვს. ფლეი-ოფში 2 თამაშია. ამ კონკრეტული 2 მატჩისთვის კარგად მომზადება და სასურველი შედეგის დაფიქსირება შეგვიძლია.
ლეგიონერის სტატუსით ეს შენი პირველი სეზონია, საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული იყავი და გოლებსაც იტანდი...და მაინც - რუსეთის მეორე ლიგა თუ ეროვნული ლიგა?
პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ "ნიჟნი ნოვგოროდში" თბილი გარემო დამხვდა და პირველივე დღიდან ყველა მეგობრულად დამხვდა. შესაბამისად, ყველაფერი გამიადვილდა. რუსეთის მეორე ლიგა უფრო მაღალი დონეა, ვიდრე საქართველოს ჩემპიონატი. რუსეთში მაღალი ხარისხია და ბევრი ლეგიონერი. თამაშის ტემპში, სისწრაფეებში აშკარა სხვაობაა. საქართველოს ჩემპიონატი კი ყოველწლიურად პროგრესირებს, რაც მისასალმებელია.
ხვიჩა კვარაცხელიაზე...
მე და ხვიჩა "დინამოს" აკადემიიდან და ასაკობრივი ნაკრებიდან ერთად მოვდივართ. მასთან ახლო ურთიერთობა მაქვს, ერთ ქვეყანაში ვართ, თუმცა გადატვირთული გრაფიკის გამო მისი ხშირად ნახვა არ მიწევს. ისე კი, ხვიჩაზე ახალი რა უნდა ვთქვა? ბრწყინვალე ფეხბურთელია და ტოპ ჩემპიონატის ტოპ გუნდში თამაში შეუძლია.
გუშინდელი გოლის შემდეგ, "ნიჟნი ნოვგოროდის" გერბს აკოცე და გოლი ასე აღნიშნე, რის გამოც ქართველმა გულშემატკივრებმა გაგაკრიტიკეს...
კრიტიკოსებს ასეთ პასუხს გავცემ - სადაც ხარ და რომელი კლუბის გერბის ქვეშაც თამაშობ, უნდა გიყვარდეს და პატივს უნდა სცემდე. ჩემი გოლის აღნიშვნაც ამას ემსახურებოდა.
ვილი სანიოლმა წინა შეკრებაზე დაგვანახა, რომ იძახებს ისეთ ფეხბურთელს, ვინც კონკრეტულად იმ მომენტშია მზად. ამის ფონზე, თვლი თუ არა, რომ შენი ნაკრებში გამოძახების შანსები გაიზრდება? მითუმეტეს, 21-წლამდე ნაკრებში რამდენიმე მატჩი ჩაატარე და გოლიც გაიტანე.
სანიოლის ამ მიდგომას მივესალმები. კარგია, რომ ფეხბურთელები თუნდაც ეროვნული ლიგიდან გამოიძახა, რადგან ყველა ფეხბურთელი უფრო დიდი მოტივაციით ითამაშებს. სწორია - ვინც იმ მომენტში საუკეთესო ფორმაშია, ნაკრებშიც ის უნდა მოხვდეს. ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაში ჩემი ოცნებაა, დანარჩენს ჩემი თამაში გვაჩვენებს.
მორიგი გოლი - ქავთარაძემ სპარტაკს გაუტანა
გოლი და საგოლე გადაცემა - ქავთარაძის ბრწყინვალე მატჩი ახალ გუნდში