მამარდაშვილი დიდი მეკარეების გვერდით - ვალენსიას კიპერების ქრონოლოგია
როგორც მოგეხსენებათ, თბილისის "ლოკომოტივის" მეკარე, გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიაში" გადასვლასთან არის ახლოს. აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა რამდენიმე ესპანურმა წყარომ და ცნობილი ხდება, რომ "ღამურებსა" და ქართველ კიპერს შორის შეთანხმება უკვე არსებობს.
"მურსელაგოსი" თბილისის "დინამოს" საკუთრებაში მყოფ მეკარეს თავდაპირველად აიყვანს განათხოვრების წესით, გამოსყიდვის შემთხვევაში კი ესპანელებს დაახლოებით ერთი მილიონის გადახდა მოუწევთ. 20-წლის კიპერის "ლოს ჩესში" გადასვლამდე, გავიხსენოთ ამ კლუბის გამორჩეული კარის დარაჯები უახლოესი წარსულიდან.
"მესტალიაზე" მეკარეობა პირველ რიგში ასოცირდება სანტიაგო კანისარესთან, კიპერთან შთამბეჭდავი კარიერით (1998-2008, 416 შეხვედრა, 7 საკლუბო და 4 ინდივიდუალური ტიტული). ესპანელ კარის დარაჯს წლების მანძილზე ცვლიდა ანდრეს პალოპი, რომელიც მოგვიანებით გაიბრწყინებს არა "ვალენსიაში", არამედ "სევილიაში".
"ღამურების" ყველა დროის საუკეთესო მეკარის საქმის გაგრძელება მოგვიანებით დაევალა ტიმო ჰილდებრანდს, თუმცა იმედისმომცემმა ბუნდესლიგის ჩემპიონმა გუნდში დამკვიდრება ვერ შეძლო. "მურსელაგოსში" კარიერის დასკვნითი ნაწილი გაატარა სესარ სანჩესმა, რომლის კონკურენტები იყვნენ ვისენტე გუაიტა, რენან სოარეში და მიგელ ანხელ მოია.
კანისარესის შემდეგ, გამოკვეთილად სტაბილური და მაღალი დონის მეკარე "ლოს ჩესში" მოვიდა მხოლოდ 2011 წელს, დიეგო ალვეში - ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კიპერი 11-მეტრიანების მოგერიების მხრივ. ბრაზილიელი კარის დარაჯი "მესტალიაზე" თამაშობდა 2017 წლამდე და ამ დროის მანძილზე მან 175 მატჩის ჩატარება მოასწრო.
"ფლამენგოს" ამჟამინდელი მეკარის წასვლის შემდეგ, "ვალენსიას" კარში გვინახავს ხაიმე დომენეკი, ნორბერტო ნეტო და იასპერ სილესენი. ბრაზილიელი კიპერი "ბარსაშია", დანარჩენი ორი კი დღემდე რჩებიან "ღამურებში" და პერსპექტივაში მამარდაშვილის პოტენციურ კონკურენტებად ითვლებიან. წარმატებები ვუსურვოთ ქართველ მეკარეს და იმედი დავიტოვოთ, რომ "მურსელაგოსში" ტრანსფერი რეალურად შედგება.
ტრანსფერი 1 მილიონი დაჯდება - მამარდაშვილი ესპანურ გუნდში გადასვლასთან ახლოსაა!