"მსაჯობაზე არასოდეს ვსაუბრობ, მაგრამ ახლა გაბრაზებული ვარ", - ზიდანის კრიტიკული განცხადება
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 35-ე ტურში "სევილიასთან" (2:2) გამართულ მატჩში თავისი გუნდის კარში დანიშნულ პენალტზე კომენტარი გააკეთა.
"არაფერი მესმის. თუ მილიტაოზე ხელით თამაში დაფიქსირდა, მაშინ "სევილიას" შემთხვევაშიც იყო ასეთი მომენტი. ვერ დამარწმუნა იმან, რაც არბიტრმა მითხრა. არასოდეს ვსაუბრობ მსაჯობაზე, მაგრამ დღეს გაბრაზებული ვარ. მიუხედავად ამისა, ის გვაქვს, რაც არის. არაფრის შეცვლას არ ვაპირებთ. ჩვენი თამაშით კმაყოფილები ვართ, მაგრამ მეტს ვიმსახურებდით, რადგან მეორე ტაიმი კარგად ჩავატარეთ".
"ბოლომდე ვიბრძოლებთ. დარჩენილ სამ მატჩზე უნდა ვიფიქროთ. გაბრაზებული ვარ, რადგან გამარჯვება დავიმსახურეთ. იმაზე ვლაპარაკობ, რომ ბურთის ხელზე მოხვედრის ორი ეპიზოდი დაფიქსირდა, მაგრამ თერთმეტმეტრიანი ჩვენს კარში დაინიშნა", - ციტირებს ზიდანის სიტყვებს Marca.
აღნიშნული დაპირისპირების მთავარმა არბიტრმა, ხუან მარტინეს მუნუერამ "რეალის" კარში პენალტი მას შემდეგ დანიშნა, რაც მადრიდელთა საჯარიმოში ედერ მილიტაოს ბურთი ხელზე მოხვდა. 11-მეტრიანი ივან რაკიტიჩმა შეასრულა ზუსტად.
ამ შეხვედრის შემდეგ, "რეალი" ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 75 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ "ატლეტიკოს" ორი ქულით ჩამორჩება. რაც შეეხევა "სევილიას", ანდალუსიელები 71 ქულით მე-4 პოზიციაზე არიან.