"სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი", - ნევილმა კავანისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ისაუბრა
„მან.იუნაიტედის“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა, გარი ნევილმა, ედინსონ კავანისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ისაუბრა.
„ვფიქრობ, დიდებული სიახლეა. თავიდან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, როცა „იუნაიტედმა“ კავანი დაიმატა. თუ გადავხედავთ კლუბის მუშაობის იმ სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს, ეს გეგმის ნაწილი კი არა, სასოწარკვეთილების ნაბიჯს უფრო ჰგავდა.
ისინი მთელი ზაფხული სანჩოს შეძენას ცდილობდნენ, არ გამოვიდა. საბოლოოდ, „ემიუმ“ კავანი აიყვანა, რომელსაც მლს-ში ეპატიჟებოდნენ. თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი საუცხოოდ გამოვიდა. აუცილებელად უნდა აღინიშნოს მისი საქმისადმი მიდგომა და გავლენა სხვა ფეხბურთელებზე.“ - ციტირებს ნევილის სიტყვებს ბრიტანული სქაი სპორთსი.
კავანი „მან.იუნაიტედში“ გასული წლის ოქტომბერში, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, მას შემდეგ, რაც „პსჟ-სთან“ კონტრაქტი ამოეწურა.
ამ სეზონში, ურუგვაელმა პრემიერ ლიგის 23 მატჩში 9 გოლი და 2 ასისტი მიითვალა.