"მადლობა, რომ ფინალი წამართვით", - ნეიმარი ნახევარფინალური მატჩის არბიტრით უკმაყოფილოა

"პსჟ"-ს თავდამსხმელი, ნეიმარი საფრანგეთის თასზე "მონპელიესთან" გამართული ნახევარფინალური მატჩის არბიტრის, ჟერემი პინიარის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა.
მოგეხსენებათ, აღნიშნული დაპირისპირების ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, პარიზელთა სამწვრთნელო შტაბმა 29 წლის ბრაზილიელი მოედანზე 86-ე წუთზე შეუშვა. ნეიმარმა მალევე ყვითელი ბარათი მიიღო. საბოლოო ჯამში, "პსჟ"-მ მეტოქე პენალტების სერიაში 6:5 დაამარცხა, ერთ-ერთი თერთმეტმეტრიანი ბრაზილიელმა გამოიყენა. თუმცა, გაფრთხილების გამო, იგი ფინალში ვერ ითამაშებს.
"თამაშში სულ რაღაც 5 წუთის ჩართული ვარ, წესს ვარღვევ და მსაჯი დაუფიქრებლად ყვითელ ბარათს მიჩვენებს... მადლობა, რომ ფინალი წამართვით. ალბათ, აქ რაღაც პირადულია", - წერს ნეიმარი სოციალურ ქსელში.
საფრანგეთის თასის ფინალში "პსჟ" "ვალიერისა" და "მონაკოს" წყვილის გამარჯვებულს შეხვდება - ეს მატჩი დღეს, 13 მაისს, თბილისის დროით 23:15 საათზე აიღებს სტარტს.