ბაიერნი, საქართველოს ნაკრები და კარიერის დასრულება 27-წლის ასაკში - ჰუფნაგელი წავიდა
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ლუკას ჰუფნაგელმა 27-წლის ასაკში კარიერა დაასრულა.
გერმანელი ექს-ჰავბეკი ვერ გაუმკლავდა მენჯის ტრავმას, რომელიც მას აწუხებდა პერიოდულად და რის გამოც ის სრული დატვირთვით ვარჯიშს ვეღარ ახერხებდა.
"ჯვაროსნების" ყოფილმა შუახაზელმა კარიერის დასკვნითი ნაწილი გაატარა გერმანიის მესამე ლიგის ბინადარ "უნტერხახინგში".
ზოგადად კი ალემან ნახევარმცველს გამოუვიდა საკმაოდ საინტერესო კარიერა, განსაკუთრებით, ქართველი გულშემატკივრის გასაგონად.
დავიწყოთ ყველაზე თავიდან - ჰუფნაგელი არის მიუნხენის "ბაიერნის" აკადემიის აღზრდილი, რომლის რიგებში ის 2001-2011 წლებში ირიცხებოდა.
გერმანელმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა ვერ შეძლო "რეკორდმაისტერში" დამკვიდრება და მისმა კარიერამ ჩაიარა გერმანიის მოკრძალებულ კლუბებში: "ინგოლშტადში", ჩვენთვის კარგად ნაცნობ "ფრაიბურგში", "ნიურნბერგსა" და ზემოთხსენებულ "უნტერხახინგში".
ლუკასს დედის მხრიდან აქვს ქართული წარმომავლობა და სწორედ ამ საინტერესო ფაქტმა გაუხსნა მას გზა "ჯვაროსნებისკენ".
2010-2013 წლებში "ბავარიას" აღზრდილი თამაშობდა ჩვენი ნაკრების სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში, 2015-ში კი ის მთავარშიც იხმეს.
ალემანი ჰავბეკი ერთხელ გამოიძახა კახაბერ ცხადაძემ, ესტონეთთან ამხანაგური შეხვედრისთვის და ერთხელაც ვლადიმირ ვაისმა, მუნდიალის შესარჩევზე, სერბეთთან, 2018-ში.
იმის შემდეგ, ჰუფნაგელი "თეთრ-წითლების" შემადგენლობაში აღარ გამოჩენილა. ცნობისთვის, ფეხბურთის გარდა, გერმანელი შუახაზელი იურიდიული და სპორტის მენეჯმენტის განხრით განათლების მიღებითაც იყო დაკავებული.
"ჩემი ფესვები საქართველოშია, მომავალს იმედიანად ვუყურებ", - მიქაუტაძე ბელგიურ პრესას
სანიოლი: "ის პირველი ფეხბურთელი იყო, ვისაც საქართველოში მოსვლის შემდეგ დავუკავშირდი"