ფოტო: მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ბენზემას დაბრუნებას გამოეხმაურა
საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი, კილიან მბაპე გუნდში კარიმ ბენზემას დაბრუნებას გამოეხმაურა.
მოგეხსენებათ, "რეალის" 33 წლის ფორვარდი ევრო 2020-ისთვის ეროვნული გუნდის განაცხადში მოხვდა.
სოციალურ ქსელში მბაპემ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ბენზემასთან ერთად საფრანგეთის ნაკრების ფორმაშია გამოწყობილი.
ასე და ამგვარად, 33 წლის თავდამსხმელს "მამლების" რიგებში 2015 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად ვიხილავთ. ევრო 2020-ის ჯგუფურ ეტაპზე ფრანგები გერმანიას, უნგრეთსა და პორტუგალიას დაუპირისპირდებიან.
როგორც აქამდე გახდა ცნობილი, ბენზემა სასამართლოს წინაშე წარსდგება. გამოძიების თანახმად, 2015 წელს კარიმი შუამავლის როლს ასრულებდა და თანამემამულე მატიე ვალბუენას მოუწოდებდა შანტაჟისტებისთვის ფული გადაეხადა, რომლებსაც ფეხბურთელის ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერი ჰქონდათ.
ამ სკანდალის გამო, ორივე ფეხბურთელი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების განაცხადს მიღმა დარჩა. კარიმი ყველა ბრალდებას უარყოფს, რადგან თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.