"ხვიჩას ტრანსფერთან დაკავშირებით, რამდენიმე შეხვედრაზე უკვე ვიყავი", - კვარაცხელიას აგენტი
საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" შემტევი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა განაცხადა, რომ მისი კლიენტის ყიდვით დაინტერესებული კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა.
"მთელი ცხოვრებაა რუსულ ფეხბურთში ვმუშაობ და ძალიან ვაფასებ ამ ქვეყნის ჩემპიონატს. როცა ხვიჩა "რუსთავიდან" მიდიოდა, ორი ვარიანტი გვქონდა. "ბენფიკას" პირველი გუნდი გვიწვევდა, მაგრამ "ლოკომოტივი" ავირჩიეთ. სრულიად გაცნობიერებულად: ვიცი, რომ რუსულ გუნდებში პოსტსაბჭოთა ქვეყნების ფეხბურთელებს პროგრესის მიღწევა შეუძლიათ".
"ვფიქრობ, ხვიჩას კარიერა იდეალურად ვითარდება. "ლოკოში" სახელი გაითქვა, "რუბინში" იზრდება - სლუცკის, საიმანოვისა და მთლიანად კლუბის წყალობით, პასუხისმგებლობით ვაცხადებ: თუ საქართველოში კიდევ ერთი მსგავსი ტალანტი გამოჩნდება და მისი წარმომადგენელი ვიქნები, პირველი კლუბი, რომელსაც ვურჩევ, "რუბინი" იქნება".
"ამჟამად კვარაცხელიასადმი დიდი ინტერესია - ინგლისიდან, იტალიიდან. რამდენიმე შეხვედრაზე უკვე ვიყავი, მალე სიტუაცია გაირკვევა. მაგრამ ხვიჩა ზაფხულში რუსეთიდან წასვლას ულტიმატუმის სახით არ მოითხოვს, ეს ასე არ მუშაობს", - განაცხადა აგენტმა.
მოქმედი ხელშეკრულების ვადა 20 წლის კვარაცხელიას ყაზანურ კლუბთან 2024 წლის ივნისში ეწურება, მისი სატრანსფერო ფასი კი 15 მილიონ ევროს შეადგენს.
რუსეთის პრემიერ ლიგის გასულ გათამაშებაში ქართველმა ამომავალმა ვარსკვლავმა 23 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი პასი გააკეთა.
კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 3-გზის გამარჯვებულ მწვრთნელთან? - რუსული პრესა კვლავ ხვიჩაზე წერს