ავტორიზაცია

"ეს ჩემთვის უდიდესი სიურპრიზი იყო" - რამ გააკვირვა ვილი სანიოლი საქართველოში?

"ეს ჩემთვის უდიდესი სიურპრიზი იყო" - რამ გააკვირვა ვილი სანიოლი საქართველოში?
თარიღი 24 May 2021, 19:33

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის განცხადებით, მასზე ქართველი ხალხის ყურადღებამ და სითბომ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

ამის შესახებ ფრანგმა სპეციალისტმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ისაუბრა.

"საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ადამიანების სითბომ. დასავლეთ ევროპელები ფიქრობენ, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ცივი ხალხი ცხოვრობს, თუმცა ეს ასე არაა, რაც ძალიან დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა. ჩემთვის დიდი პრივილეგიაა ქვეყნის პირველი გუნდის გაწვრთნა, რადგან აქ მუშაობ მთლიანი ქვეყნისთვის და არა რომელიმე კონკრეტული კლუბისთვის, რაც დიდი მოტივაციაა," - განაცხადა სანიოლმა.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მის სამუშაო რუტინაზეც საუბრობს: "მაქვს ბინა და ყოველ დღე მივდივარ ოფისში სამუშაოდ. საფრანგეთშიც მსგავსი სიტუაცია მქონდა, ყოველდღე გავდიოდი ქალაქში სამუშაოდ. ჩემი სამუშაო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შენობაში იწყება. ჩემს დამხმარე მწვრთნელ ადელ ჩედლისთან ერთად ოფისში მოვდივარ, ვხვდებით თანამშრომლებს, რომლებიც შეხვედრებს გეგმავენ. ჩვენთან ერთად ხშირადაა ქართველი ასისტენტი ზურა ხიზანიშვილიც. თუ გვჭირდება სამედიცინო საკითხების განხილვა, ვიბარებთ შეხვედრაზე სამედიცინო შტაბის წევრებს, სხვა დროს კი ვიდეო ანალიტიკოსებთან ერთად ვიდეო ჩანაწერებს განვიხილავთ და მონტაჟებს ვქმნით. ნაკრების მომდევნო მატჩებისთვის ყველაფერი მზად უნდა იყოს."

44 წლის მწვრთნელის განცხადებით, იგი კვლავ გააგრძელებს საქართველოს ნაკრებში ეროვნული ლიგიდან მისთვის საინტერესო ფეხბურთელების გამოძახებას.

"საქართველოში დავესწარი რამდენიმე მატჩს და საინტერესო ფეხბურთელებს დავაკვირდი. მარტში კი შეკრებაზე ეროვნული ლიგიდან გამოვიძახე მოთამაშეები, გავაკეთებ იგივეს მომავალშიც, რადგან ვთვლი, რომ აქ საინტერესო ფეხბურთელები არიან," - დაასრულა სანიოლმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისში 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. 2 ივნისს რუმინეთის წინააღმდეგ, ხოლო 6 ივნისს ნიდერლანდებთან. ორივე შეხვედრა სტუმრად გაიმართება.

"ერთ-ერთ ფრანგ ფორვარდს აგონებს", - იტალიური პრესა მიქაუტაძეზე წერს

ტრანსფერი შეთანხმებულია - ქეცბაიამ ანორთოსისში ოქრიაშვილის შემცვლელიც მიიყვანა