კობიაშვილი: "არ მომწონს ის დამოკიდებულება, რაც საქართველოში მსაჯების მიმართ არსებობს"
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა სფფ-ის რიგით XXXI ყრილობაზე მსაჯებთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზეც ისაუბრა.
"მსაჯის პროფესია ყველაზე რთულია, განსაკუთრებით ჩვენს ფეხბურთში. ის ყოველთვის ხდება გარკვეული უკმაყოფილების საგანი, თუმცა მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის ურთულესი საქმე. ყველაზე რთულიც კი ალბათ ჩვენს ქვეყანაში.
მე ზოგადად არ მომწონს ის დამოკიდებულება, რაც მსაჯების მიმართ არსებობს. ეს არ არის კარგი. მეორეს მხრივ კი მიხარია, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ. ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან დიდი წარმატება გვაქვს ამ კუთხით. ჩვენი მსაჯები, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე, სხვადასხვა ევროპულ ტურნირებზე და სანაკრებო თამაშებში იღებენ მონაწილეობას.
ძალიან წარმატებით საქმიანობენ ჩვენი დელეგატებიც. ისინი ღირსეულად წარმოაჩენენ ჩვენს ქვეყანას. ზოგადად მსაჯთა მიმართულებით პრობლემები არსებობს, თუმცა ამ ადამაინებს სჭირდებათ გვერდში დგომა. ეს პრობლემა არსებობს ყველგან.
ტექნოლოგია, რომელსაც VAR-ი ქვია და სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობს, ტყუილად არავის მოუფიქრებია. ის ხელს უწყობს და ეხმარება მსაჯებს ნაკლები შეცდომის დაშვებაში. ჩვენ დავაანონსეთ, რომ ძალიან მალე, ჩვენს ჩემპიონატშიც გვექნება ეს საშუალება. ეს ახალი ტექნოლოგიაა, რომელიც გვჭირდება და გპირდებით აუცილებლად გვექნება.
ისევე როგორც თითოეული გულშემატკივარი, მეც ვისურვებ, რომ ჩვენი ეროვნული ჩემპიონატის დონე, გაცილებით მაღალი იყოს. გვყავს ნიჭიერი მოთამაშეები და მწვრთნელები. ისინი ეროვნული ჩემპიონატიდან ნაკრებში ხვდებიან, თუმცა უფრო მეტის მიღწევა გვსურს. ეს ქართულ ფეხბურთს სჭირდება.
კარგად მესმის, რომ განვითარებას სჭირდება კლუბების მეტი დაფინანსება, თუმცა ხაზს გავუსმევ, რომ მე არ ვარ მომხრე, ეს დაფინანსება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან. გვჭირდება მეტი ინვესტიცია და კერძო ფული. სხვანაირად უბრალოდ რთული იქნება კონკურენციის გაწევა".
"ალბათ, არ ვიმსახურებდით" - კობიაშვილი მაკედონიასთან ვერმოგებულ მატჩზე
"საქართველოს ნაკრებში გამართული თითოეული მატჩი მეტოქის მიუხედავად საამაყოა", - გვილია