ოფიციალურად: 2021 წლის კოპა ამერიკას ჩატარების ადგილი შეიცვალა - არგენტინა და კოლუმბია ტურნირს ვეღარ უმასპინძლებენ
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონმებოლმა ოფიციალური განცხადება გააკეთა.
თავდაპირველად, 2021 წლის კოპა ამერიკას ჩატარება კოლუმბიასა და არგენტინის ტერიტორიაზე იგეგმებოდა. თუმცა, კორონავირუსული რეგულაციების გამო, ორივე ამ ქვეყნის ხელისუფლებამ ქვეყანა ჩაკეტა და ამის გამო, ტურნირის ჩატარება ეჭვქვეშ დადგა.
კონმებოლს სასწრაფო წესით მოუწია გამოსავლის ძიება - განიხილებოდა როგორც ტურნირის სრული გაუქმება, ისე სხვა ქვეყანაში ჩატარებაც.
საბოლოოდ გადაწყდა, რომ 2021 წლის კოპა ამერიკა ბრაზილიაში ჩატარდება - ზუსტად ისე, როგორც 2019 წელს, როცა ბრაზილიამ მასპინძლისა და ფავორიტის სტატუსი გაამართლა და თასს დაეუფლა.
გადამწყვეტ შეხვედრაში პენტაკამპეონებმა პერუ დაამარცხეს და ისტორიაში მეცხრედ დაეუფლნენ ტიტულს, მესამე ადგილს არგენტინა დასჯერდა, მეოთხეს კი ჩილე.
2021 წლის კოპა ამერიკა 11 ივნისს დაიწყება და 10 ივლისამდე გაგრძელდება.