ახალი კონტრაქტის დეტალები გასაჯაროვდა — მესი ბარსელონაში რჩება!
ესპანურმა გამოცემა Sport-მა "ბარსელონას" თავდამსხმელის, ლიონელ მესის ახალი კონტრაქტის დეტალები გაასაჯაროვა.
გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის არგენტინელი კატალონიურ გრანდში 2023 წლამდე დარჩება და სეზონში მისი ხელფასი 60 მილიონი ევრო იქნება, თუმცა "სუფთად" 35 მილიონს მიიღებს, გადასახადების გადახდის შემდეგ, ამჟამინდელ კონტრაქტში გათვალისწინებულ ანაზღაურებაზე 53 მილიონით ნაკლებს.
აგრეთვე, წყარო იუწყება, რომ 2022/23 წლების სეზონის დასრულების შემდეგ მესი "ინტერ მაიამიში" გადავა - MLS-ის გუნდში, რომლის მფლობელიც დევიდ ბექჰემია. იქ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" კაპიტანი ორ სეზონს გაატარებს და იგივე ხელფასს მიიღებს.
კარიერის დასრულების შემდეგ კი მესი "ბარსელონას" ელჩი გახდება და ამ ფუნქციას მინიმუმ 6 წლის განმავლობაში შეასრულებს. ამ თანამდებობაზე მუშაობასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები გრძელდება - ფეხბურთელის მხარეს მისი შემოსავალის ფიქსირებული ნაწილის გაზრდა სურს. ასე და ამგვარად, თუ მხარეები შეთანხმდებიან, საერთო ჯამში კონტრაქტი 10 წელიწადზე იქნება გათვლილი.
მესიმ 2020/21 წლების სეზონში "ბარსელონას" რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 47 მატჩი ჩაატარა, 38 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ბარსელონაში გადასვლის შემდეგ, აგუერომ მესის მომავალზე განცხადება გააკეთა