ავტორიზაცია

"გვსურს კიდევ უფრო ხმამაღლა გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია", - კაზემირო შექმნილ აჟიოტაჟს ეხმაურება

"გვსურს კიდევ უფრო ხმამაღლა გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია", - კაზემირო შექმნილ აჟიოტაჟს ეხმაურება
თარიღი 05 Jun 2021, 14:53

"რეალისა" და ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველმა, კაზემირომ ბოლო პერიოდში შექმნილ აჟიოტაჟზე საკუთარი აზრი გამოთქვა.

მოგეხსენებათ, "სელესაოს" ფეხბურთელები 2021 წლის კოპა ამერიკაზე ასპარეზობაზე უარს აცხადებენ.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიელები ტურნირის მათ ქვეყანაში ჩატარების წინააღმდეგნი არიან.

"კოპა ამერიკის ბრაზილიაში ჩატარებასთან დაკავშირებით, ყველამ იცის ჩვენი პოზიციის შესახებ. ყველაფერი ნათელია", - ციტირებს კაზემიროს სიტყვებს Goal.

"პარაგვაისთან 8 ივნისს გასამართი მატჩის შემდეგ, გვსურს კიდევ უფრო ხმამაღლა გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია. ყველა ფეხბურთელი ამ აზრზეა, ტიტეს ჩათვლით", - დასძინა ნახევარმცველმა.

თავდაპირველად, ტურნირისთვის კოლუმბიასა და არგენტინას უნდა ემასპინძლათ, მაგრამ კოლუმბიელებს ამის უფლება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის გამო ჩამოართვეს, ხოლო არგენტინელებს - მედიცინასთან დაკავშირებული ვითარების გამო.

მიუხედავად ამისა, არც ბრაზილიაშია სახარბიელო მდგომარეობა, ქვეყანაში ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ინფიცირდება კორონავირუსით.

ცნობისთვის, კოპა ამერიკამ სტარტი 11 ივნისს უნდა აიღოს და 10 ივლისს დასრულდეს.

კოპა ამერიკა ჩაშლის პირასაა — ბრაზილიის ნაკრები ტურნირში მონაწილეობაზე უარს აცხადებს!